მონეტარული პოლიტიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 7.25%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 7.25%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ბანკის პროგნოზით, 2018 წლის პირველ თვეებში ქვეყანაში ინფლაცია შემცირდება, ამიტომაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

"2017 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.7 პროცენტი შეადგინა, რომელშიც ერთჯერადი ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი) ფაქტორების გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე დაახლოებით 2.9 პროცენტული პუნქტი იყო. აღნიშნული ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ინფლაცია შემცირდება. 2018 წელს ინფლაციაზე გავლენას მოახდენს ეგზოგენური ფაქტორები: კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელზე აისახება იანვრიდან ადმინისტრირებული ფასების (ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფების) ზრდა, რომლის გავლენა დაახლოებით 0.3 პროცენტული პუნქტია; საერთაშორისო ბაზრებზე 2017 წლის მეორე ნახევრიდან დაწყებული ნავთობის ფასების მატება 2018 წელსაც გაგრძელდა და მისი წვლილი წლიური ინფლაციის მაჩვენებელში, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 0.5 პროცენტული პუნქტი იქნება.

პოზიტიური ტენდენციები ნარჩუნდება საგარეო სექტორში. საქონლის ექსპორტის, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების მოცულობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ფონზე, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინასწარი შეფასებით, საგრძნობლად გაუმჯობესდა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება 2018 წელსაც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლის შემცირებას", - წერია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.

 

კომენტარები