იემენი

სამხრეთ იემენის გამოყოფის მომხრეებმა მთავრობა ადენში ალყაში მოაქციეს

The Guardian

სამხრეთ იემენის გამოყოფის მომხრე პოლიტიკური მოძრაობის შეიარაღებულმა მებრძოლებმა საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დე ფაქტო დედაქალაქ ადენში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში ალყაში მოაქციეს.

შეტაკებები "სამხრეთის წინააღმდეგობის ძალებს" (SRF) და სამთავრობო ძალებს შორის სამ დღეს გრძელდებოდა. დაიღუპა 36 ადამიანი და დაშავდა 185.

აქტივისტებმა ვიდეოები და ფოტოები გაავრცელეს სადაც ჩანს, რომ არმიის ბაზაზე დამოუკიდებელი სამხრეთ იემენის დროშაა აღმართული. სამხრეთ და ჩრდილოეთ იემენი 1990 წელს გაერთიანდა.

"სამხრეთის წინააღმდეგობის ძალები" დახმარებას არაბთა გაერთიანებული საემიროებისაგან იღებს, რამაც საუდის არაბეთის და გაერთიანებული საემიროების ჰუსიტების წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში განხეთქილება გამოიწვია.

უკანასკნელ დღეებში გაერთიანებულმა საემიროებმა სამხრეთ იემენის გამოყოფის მომხრე მოძრაობას ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა, თუმცა სამხრეთის გარდამავალი საბჭო მთავრობის დაშლის გამოცხადებამდე ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ისინი მთავრობას კორუფციაში და ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ცნობით პრემიერმინისტრი აჰმედ ბინ დაღრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები საუდის არაბეთში აპირებენ თავის შეფარებას. რიადში აფარებს თავს იემენის პრეზიდენტიც.

ადენი ქვეყნის დედაქალაქის ფუნქციას მას შემდეგ ითავსებს, რაც 2014 წელს სანა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს.

შეგახსენებთ, რომ იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო.საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 9,200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

კომენტარები