პროკურატურა

POG: პატიმრობა მიესაჯა პირს, ვინც პოლიტპატიმრის მიმართ ცრუ ჩვენება მისცა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილის მამხილებელი ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ბრალდებული კ.ჯ. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 6 ივლისს, შსს-ს თანამშრომლებმა "თითქოსდა ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე", დააკავეს ოპოზიციურ-პოლიტიკური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ბექა პეტრიაშვილი.

"იმავე დღეს კ.ჯ-მ, მოწმის სახით დაკითხვისას, დაკავებული ბექა პეტრიაშვილის დანაშაულში მხილების მიზნით, გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. მისი თქმით, თითქოს იგი თვითმხილველი გახდა, თუ როგორ არღვევდა ბექა პეტრიაშვილი საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდა ადგილზე სიტუაციის განსამუხტად მისულ პოლიციის თანამშრომლებს.

ახალი გამოძიებით დადასტურდა, რომ ინციდენტის დროს, კ.ჯ. შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდა, შესაბამისად ფაქტის თვითმხილველი ვერ იქნებოდა და მან ცრუ ჩვენება მისცა" - აცხადებს პროკურატურა.

კ.ჯ.-ს სასამართლომ ცრუ ჩვენებისთვის, 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ამნისტიის აქტის საფუძველზე შეუმცირდა. საბოლოოდ, მას 1 წლით და 9 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა.

ბექა პეტრიაშვილს 2011 წლის 6 დეკემბერს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის დასაწყისში, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

კომენტარები