საია

საია: იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს ნებას არ ასრულებს, ეს საშიში ტენდენციაა

საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს მიმართავს, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, აღადგინოს თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი სამსახურში და აუნაზღაუროს განაცდური ხელფასი;

ორგანიზაცია ასევე მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მიიღოს შესაბამისი ზომები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად. 

საქმე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება, რომლითაც თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა. გადაწყვეტილება ძალაში 2017 წლის 14 სექტემბერს შევიდა, თუმცა დანაშაულის პრევენციის ცენტრს ის ჯერაც არ შეუსრულებია. 

2013 წლის ნოემბერში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი დავით მაისურაძე. ანა სუბელიანის თქმით, ეს ფაქტი მან და თამაზ ახობაძემ გააპროტესტეს, მათ შორის, Facebook პოსტების საშუალებითაც, რასაც წულუკიანის მიერ მათი დაბარება, შემდეგ კი გათავისუფლება მოჰყვა. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წელს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. დამსაქმებელი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დამსაქმებელმა რეორგანიზაცია დაასახელა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რეორგანიზაციას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და სინამდვილეში უწყებაში რეორგანიზაციამდე არსებული პოზიციები არათუ გაუქმდა, არამედ საშტატო ერთეულები და ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამდენად, საქმის განხილვისას დადასტურდა რომ დასაქმებულები გათავისუფლდნენ კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან სუბიექტური განწყობის გამო, რომელიც არ იყო კავშირში დასაქმებულების მუშაობის ხარისხთან და მათ კომპეტენციასთან.

საია მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამ დრომდე აღუსრულებლობა, არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო, როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (მათ შორის თანხის განწილვადების ნაწილში), ასევე - შესაბამის პოზიციაზე/ტოლფას პოზიციაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში. 

„ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანო ნებაყოფლობით არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არის საშიში ტენდენცია და არის შეტყობინება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ თუკი ის უწყება, რომელიც პირდაპირ არის ვალდებული იცავდეს კანონს და უზრუნველყოფდეს სამართლიანობას ქვეყანაში, ვერ და არ უზრუნველყოფს სამართლიანობას, არის შეტყობინება სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, რომ მათ შეუძლიათ სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულონ,“ - ამბობს საიას თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

კომენტარები