აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

გუშინ, 31 იანვარს პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართა

გუშინ 31 იანვარს პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ საქართველოს მთავრობის კანცელარია ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ შეხვდრისას, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე.

"კერძოდ, საუბარი შეეხო ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთახმების რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ. ასევე, რუსეთის მხარის ყურადღება გამახვილდა ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პუნქტის უკანონო გახსნის ფაქტზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხების განხილვის უმთავრესი ფორმატის მნიშვნელობას." - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

მთავრობის ადმინიტრაციის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. 

"ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მისი პრინციპებისა და დებულებების სრული პატივისცემით, ყოველგვარი ინტერპრეტაციებისა და პოლიტიზების გარეშე. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს რუსეთში ოფიციალურ დონეზე გაკეთდა განცხადებები, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება აღნიშნული შეთანხმების პრინციპებსა და არსს. პრაღაში აღნიშნულ საკითხზე საუბრისას გამოიკვეთა პოზიციათა სერიოზული სხვაობა. დადასტურდა, რომ რუსეთის მხარე ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციას უკეთებს შეთანხმების რიგ არსებით დებულებას, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამის იმპლემენტაციას." - წერია განცხადებაში.


პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები