დიდთოვლობა აჭარაში

აჭარაში დიდთოვლობაა, სასწავლო პროცესი შეწყდა შუახევის 3 ბაგა-ბაღში და 17 სკოლაში

აჭარის მთავრობის პრესსამსახური

აჭარაში დიდთოვლობაა. შუახევის დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 20-40 სმ-ია, მაღალმთიან ზონაში კი ერთ მეტრს გადააჭარბა. მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია შუახევის სამ ბაგა-ბაღში და 17 საჯარო სკოლაში. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას ამისშესახებ, აჭარის მტავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ხულოში ორდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 1.30-1.50 მ-ს, ხოლო დაბლობში 70-80 სმ-ს მიაღწია. უამინდობის გამო გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამ დროისათვის გაწმენდით სამუშაოებს 15 ერთეული ტექნიკა ახორციელებს. შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა ენერგო- პრო- ჯორჯიას ინფორმაციით, სამუშაოები დილიდანვე დაიწყო და დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ელექტრომომარაგების აღდგენა.

მეწყერები დაფიქსირდა ქედის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე. ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ქობულაძეების უბანში, კუჭულაში, ვარჯანისში. აბუქედაში, ზვარეს ცენტრალურ გზაზე ორ ადგილას და სვანივრის უბანში განვითერებულმა მეწყერებმა კი ჩაკეტა საავტომობილო გზა. გაწმენდითი სამუშაოები დილიდანვე მიმდინარეობს და შუადღისთვის საავტომობილო გზების გახსნას ვარაუდობენ. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს.

კომენტარები