შესყიდვები: ყვარელრემმშენი 2015 წელს შავ სიაში ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის იყო

შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია "ყვარელრემმშენი" 2015 წელს შავ სიაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოხვდა.

უწყება განმარტავს, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადების მომენტისთვის შავ სიაში რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი ერთწლიანი ვადა ამოწურული იყო და კომპანიას სრულფასოვნად შეეძლო მიეღო მონაწილეობა ნებისმიერ სახელმწიფო შესყიდვაში.

"[ყვარელრემმშენი] სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2015 წლის 25 სექტემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში ერთი წლის ვადით. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვადა განსაზღვრულია "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "მ" ქვეპუნქტი საფუძველზე. შესაბამისად, ხსენებული კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის ვადა ამოიწურა 2016 წლის 25 სექტემბერს, ანუ იმ მომენტისათვის, როდესაც მეტროსადგურ "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე 2016 წლის 28 სექტემბერს გამოცხადდა ტენდერი, ამოწურული იყო შავ სიაში რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი ერთწლიანი ვადა და მას სრულფასოვნად შეეძლო მიეღო მონაწილეობა ნებისმიერ სახელმწიფო შესყიდვაში.
 
რაც შეეხება კონკრეტულად შპს "ყვარელრემმშენის" მიერ ზემოაღნიშნულ ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხს, იგი დამოკიდებულია, როგორც თავად კომპანიის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე, ტექნიკურ შესაძლებლობებზე და სხვ., აგრეთვე საპროექტო დოკუმენტაციის გამართულობაზე, სამშენებლო პროცესის ზედამხედველობაზე და სხვა არსებით საკითხებზე, რომლებიც უნდა შეაფასოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა/ორგანომ", - აცხადებენ უწყებაში.

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და ხდება "ვაკეთილის" მეტროში მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება. უწყება აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა ავტომატურად ბლოკავს იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შავ სიაში და არ აძლევს მათ საშუალებას, მიიღონ მონაწილება გამოცხადებულ ტენდერებში.

"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ეხმიანება უკანასკნელ პერიოდში მასმედიის საშუალებებით ცალკეული პირების მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს და შეგნებულ დეზინფორმაციას შავ სიაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობის დაშვების შესახებ. სახელდობრ, გავრცელებულ ინფორმაციაში ხდება მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება და უსაფუძვლო აპელირება იმაზე, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიას ისე მიეცა ხელშეკრულების დადების უფლება, რომ იგი რეგისტრირებული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოებულ შავ სიაში.
 
აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (https://tenders.procurement.gov.ge), რომელიც ფუნქციონირებს 2010 წლიდან, ავტომატურად ბლოკავს იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შავ სიაში და არ აძლევს მათ საშუალებას, მიიღონ მონაწილება გამოცხადებულ ტენდერებში", - აცხადებენ უწყებაში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ყველა პირს, "ინფორმაციის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებში გადამოწმებამდე თავი შეიკავოს ცრუ ბრალდებების ტირაჟირებისგან და ხელი არ შეუწყოს საზოგადოებაში არაჯანსაღი შეხედულებების დამკვიდრებას".

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი 30 იანვარს ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია.

ვარკეთილის მეტროში სარემონტო სამუშაოები კომპანია "ყვარელრემმშენმა" ჩაატარა და ეს თბილისის ბიუჯეტს 347 ათას 848 ლარი დაუჯდა. რემონტი 2017 წლის აგვისტოში დასრულდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ყვარელრემმშენი" ტენდერში გამარჯვებამდე შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში იყო, ტაბულამაც გაავრცელა. სტატიაში მითითებული იყო ისიც, რომ შავ სიაში ყოფნის პერიოდი ერთი წელია. ტაბულა დაუკავშირდა შესყიდვების სააგენტოს და სცადა გარკვევა, რა მიზეზით მოხვდა კომპანია შავ სიაში. უწყებაში ამ კითხვას არ უპასუხეს და ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვა გვირჩიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე, წაიკითხეთ: სკოლები, საბავშვო ბაღები, შსს-ს შენობები და სხვა - რას არემონტებდა "ყვარელრემმშენი"

კომენტარები