თემირლან მაჩალიკაშვილი

ირაკლი შოთაძე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვედრას ხვალ, 13:00-ზე სთავაზობს 

ტაბულა

ირაკლი შოთაძე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვედრას ხვალ, 2 თებერვალს 13 საათზე სთავაზობს. თუ მაჩალიკაშვილის ოჯახი შეთავაზებას დათანხმდება, შეხვედრა მთავარ პროკურატურაში გაიმართება.

"გიდასტურებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზება, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეხვედრა შედგეს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან და საგამოძიებო ჯგუფთან, ხვალ, 13:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში", - ამბობენ საგამოძიებო უწყებაში. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს.

კომენტარები