გარემოს დაცვის სამინისტრო

სამინისტრო: უკანონო თევზჭერისა და ნადირობის 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

გარემოს დაცვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საწირის ტბაზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წყლიდან 5 ერთეული 100 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს.

უწყების ცნობით, ამოღებული ბადეები დალუქეს. ბადეში გაბმული თევზები კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბინადრო გარემოში დააბრუნეს. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყიბულის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება. 

ამასთან, გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარელსა და ლაგოდეხში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტში მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ და 2.8 კგ ხრამულის, 1.8 თრისას და 1 კგ კარჩხანას სახეობის თევზი უკანონოდ მოიპოვეს. მათივე ცნობით, მოქალაქეებს სამართალდარღვევის იარაღები ჩამოერთვათ, მასალები კი შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. 

სამინისტროს ცნობით, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ნადირობის 13 ფაქტი გამოვლინდა. აკრძალული იარაღით, კერძოდ ღამე გასანათებელი მოწყობილობით მოქალაქეების მიერ ე.წ ფარით ნადირობის 4 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევთა მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-15 მუხლით შედგა ოქმები, რაც ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 1 000-დან 2 000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით. 

ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ 9 ფაქტი დაფიქსირდა გადამფრენი ფრინველების ამოღებაე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობის. 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით შედგენილი ოქმების საფუძველზე ამოღებულია 9 დაურეგისტრირებელი სანადირო თოფი. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 100-დან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის და/ან მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

კომენტარები