თსუ 100

სებ-მა თსუ-ს 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა გამოუშვა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეარჩია. დიზაინის ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1 500 - იანი ტირაჟით მოიჭრა. მისი ფასი 95 ლარია. მონეტის შეძენა დღეიდან, პირველი თებერვლიდან, არის შესაძლებელი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბია. მონეტაზე  ასევე გამოსახულია შვიდი მნათობი, რომელთაც მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს სახელმწიფო გერბზე ვხვდებით, ასევე დატანილია წარწერა "ხუთი ლარი".

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიცია კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, ასევე, დატანილია წარწერები - "საქართველო", "GEORGIA",  "1918“ , „2018" და "5 ₾".

კომენტარები