იაპონიის მთავრობამ საქართველოს Mitsubishi-ს წარმოებული 51 ელექტრომობილი და 45 ჰიბრიდი გადასცა საჩუქრად. ელექტრომობილი Mitsubishi i-MiEV საქართველოს პოლიციის ავტოპარკში ყველაზე მცირე ზომის ტრანსპორტი იქნება.
Mitsubishi i-MiEV 2009 წლიდან იწარმოება, მისი ფასი დაახლოებით $27,000-ს შეადგენს (ქვეყნების მიხედვით განსხვავდება). ელექტრომობილს 66 ცხენის ძალა აქვს და მას ერთი დატენვით 100 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილს 16 კილოვატის ტევადობის ბატარეა აქვს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 130 კილომეტრ საათია.
45 ჰიბრიდული Mitsubishi Outlander
რაც შეეხება 45 ჰიბრიდულ Mitsubishi Outlander-ს, ავტომობილი მაღალი გამავლობისაა, მას აქვს 2 ლიტრის მოცულობის ძრავი და ასევე 12 კილოვატის ტევადობის ბატარეა, რომლის მეშვეობითაც მხოლოდ ელექტროძრავით ავტომობილს 35 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილის საწყისი ფასი $42,000-ია.
100 კილომეტრზე საწვავის მოხმარება 3-9 ლიტრის ფარგლებშია (დამოკიდებულია მოძრაობის ტიპზე, სიჩქარეზე, რელიეფზე).
შს მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, იაპონიის მხარის მიერ ავტომანქანების გადმოცემა ქართული პოლიციის სპეცტექნიკის ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე ტრანსპორტით განახლების საქმეში პირველი ნაბიჯია, რაც "მნიშვნელოვნად შეამცირებს უწყების ადმინისტრაციულ ხარჯებს".
შსს-ს ავტოპარკი დღემდე 1,846 ავტომობილისგან შედგებოდა, მისი რიცხვი 1,942-მდე გაიზარდა.