თემირლან მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორს ხვდება

ტვ იმედი

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორს ხვდება. შეხვედრა დაახლოებით 1 საათის წინ დაიწყო. 

მაჩალიკაშვილების ოჯახს კითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით აქვთ. მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, ვინც პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დაგეგმა, ასევე ვინც მის შვილს უშუალოდ ესროლა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაც არის, რათა ადვოკატს საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცეს. 

"დაისაჯოს უმკაცრესი ზომით ის, ვინც დაგეგმა, ვინც გაისროლა. მეორე, მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, მესამე, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა, მეოთხე, გამოიძიონ, როგორ აერია სახელმწიფოს ბინა, მისამართი. სუს-ი მკვდარსაც ჩაუდებდა ხელში "ლიმონკას" ანაბეჭდებისთვის. თუ ტერორისტი იყო, ერთი ლიმონკა ჰქონდა? თუ ტერორისტი იყო, მას აუარება იარაღი, არსენალი უნდა ჰქონოდა< ეს ყველაფერი არის ზღაპარი", - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

მთავარ პროკურორს მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მის ადვოკატთან ერთად ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, თამთა მიქელაძეც ხვდება. მისი თქმით, ორგანიზაციამ შესაძლოა მაჩალიკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნოს. 

"ჩვენ უკვე ვფიქრობთ განაცხადის მომზადებას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის კონტექსტში. იმიტომ რომ, პირველივე დღეებში სუს-მა გამოაქვეყნა მასალები, სადაც თემირლანი საქმის მასალების გარეშე იყო მითითებული, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი. ჯერ დაველოდებით ეროვნულ დონეზე გამოძიების დასრულებას და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გაგვიჩნდა კითხვები გამოძიების სრულყოფილებასთან, ყოვლისმომცველობასთანეფექტიანობასთან დაკავშირებით, ვიფიქრებთ საქმის ევროპულ სასამართლოში გაგზავნაზე", - ამბობს თამთა მიქელაძე. 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. 

ის სუს-ის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

კომენტარები