სირია

აშშ: სირიის მთავრობა შესაძლოა ახალი ტიპის ქიმიური იარაღის შექმნაზე მუშაობდეს

opcw.org

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით შესაძლოა სირიის მთავრობა ახალი ტიპის ქიმიური იარაღის შექმნაზე მუშაობდეს და დონალდ ტრამპი მზადაა ამ იარაღის გამოყენების თავიდან ასარიდებლად დამატებითი სამხედრო ქმედებების აუცილებლობა განიხილოს.

მათი თქმით ბაშარ ალ-ასადმა სირიის ქიმიური იარაღის ნაწილი საიდუმლოდ შეინახა მიუხედავად რუსეთის და აშშ-ის შეთანხმებისა, რომელის მიხედვითაც სირიას მთელი იარაღი გასანადგურებლად უნდა გადაეცა.

ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ ასადის ძალები ამ იარაღს ავითარებენ და აპრილის შემდეგ მცირე რაოდენობით იყენებენ, რამაც სირიის სამხედრო ბაზებზე აშშ-ის საჰარო თავდასხმა გამოიწვია. ისინი ვარაუდობენ, რომ რადგან ასადის რეჟიმს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ასაღებად საკმარისი ძალა არ აქვს, შესაძლოა მათ მცირე ქიმიური თავდასხმები ტერორის ინსტრუმენტად გამოიყენონ.

მათი თქმით თუ საერთაშორისო საზოგადოება შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს, ქიმიური იარაღის გავრცელების რისკი გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ უშიშროების საბჭოში რუსეთი სირიაში ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე თვალის დახუჭვის გამო გააკრიტიკა.

გაეროს ანგარიში მიხედვით სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის, კონკრეტულად კი ქლორის გაზის გამოყენება დადასტურდა. ქიმიური იარაღის გამოყენებას 20 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის ბავშვები.

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციას, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიების შეეხებოდა, ვეტო სამჯერ დაადო.

კომენტარები