საზოგადოებრივი მაუწყებელი

გაფრინდაშვილი: სამეურვეო საბჭოს ღია სხდომას ვითხოვ, ანაზღაურებას კვლევაში ვიღებდი

http://www.feminism-boell.org

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრის ლელა გაფრინდაშვილის მტკიცებით, ის ხუთი თვის მანძილზე ანაზღაურებას ჩატარებული კვლევის გამო იღებდა.

"ბორდის" თავმჯდომარის გრიგოლ გოგელიას განმარტებით, "ეს იყო ბუღალტრული შეცდომა". ლელა გაფრინდაშვილი კი აცხადებს, რომ 2016 წელს, 12 800 ლარი კვლევის - "საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი საბჭო : დასავლური, პოსტსოციალისტური, პოსტსაბჭოთა და ქართული პერსპექტივა" - მომზადებისთვის მიიღო.

ლელა გაფრინდაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ღია სხდომის დანიშვნას მოითხოვს.

"ასეთი სხდომა წერტილს დაუსვამს ამ აბსურდს. მე მზად ვარ და ველოდები ბორდის წევრების გამოხმაურებას. იმედი მაქვს ამ საკითხის გადაწყვეტას 6 თვე არ დასჭირდება" - წერს გაფრინდაშვილი Facebook-ში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრის თქმით, მას გარკვეული პერიოდის შემდეგ შეატყობინეს, რომ ჩარიცხული ანაზღაურება ბუღალტერიის შეცდომა იყო. ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ის, ამის შემდეგ, სამეურვეო საბჭოს წევრს მარინა მუსხელიშვილს შეხვდა.

"მან განმიცხადა, რომ ბორდი ნამდვილად ელოდა ამ კვლევის ანგარიშს და ანაზღაურების პრობლემა არ არსებობდა, რაკი მე ამის სანაცვლოდ ეს სამუშაო გავწიე" - უთხრა გაფრინდაშვილმა ლიბერალს. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ფინანსურ დარღვევაზე პროკურატურას უკვე მიმართა. საუბარია 2016 წელს არხის სამეურვეო საბჭოს წევრის ჰონორარზე, რომელიც 12 000 ლარის მეტობით გაიცა. უწყების განმარტებით, აღნიშნული თანხა უკან, ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს. 

"სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ზედმეტად გადახდილი ჰონორარი, ექვემდებარება ბიუჯეტში უკან დაბრუნებას", - წერია აუდიტის ანგარიშში. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა არხში გიორგი ბარათაშვილის დირექტორობის პერიოდს ეხება.

კომენტარები