სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ჯანელიძე: სანქციებზე კითხვა არასწორი ფორმულირებით დამისვეს, ამას მოჰყვა ჩემი პასუხი

ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძე რუსეთის სანქციების შესახებ უკრაინის შეთავაზებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. მისი თქმით, კითხვა არასწორი ფორმულირებით დაუსვეს.

"კითხვა იყო შემდეგი - "საქართველოს მთავრობას რა პოზიცია აქვს უკრაინის შეთავაზებასთან დაკავშირებით, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ". ეს ასე არ არის, ფორმულირება არასწორია და შესაბამისად, შეთავაზებაც ამას არ გულისხმობდა. სწორედ ეს იყო ჩემი პასუხი.

ამ ინიციატივას, იდეას, რომელიც გაჟღერდა უკრაინის პრეზიდენტის მიერ, აღვიქვამთ, როგორც დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას და საქართველოში განხორციელებული აგრესიისთვის რუსეთისთვის სანქციების დაწესებას" - განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა "უპრეცედენტოდ აქტიური" იყო იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი დაბრუნებულიყო საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში.

"როცა ბატონი გიგა ბოკერია ბრძანდებოდა ერთერთი წამყვანი პირი საგარეო პოლიტიკაში, საქართველოს კონფლიქტი რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ საერთოდ დავიწყებული იქნა საერთაშორისო ფორმატებში, მაშინ, როცა საქართველო იყო პირველი, სადაც განხორციელდა სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან და ბევრად უფრო მეტად იყო შესაძლებელი საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება. მაშინ ეს ვერ მოხერხდა, ჩვენ შევძელით, რომ საქართველო-რუსეთის საკითხი დაგვებრუნებინა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. 

ამას ცხადყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები, მათ შორის, ჩვენი მუშაობის შედეგად აშშ-ის საბიუჯეტო კანონით განისაზღვრა სანქციები ყველა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც რაიმე ტიპის კონტაქტს დაამყარებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან.

შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულირება, რომ საქართველოს მთავრობა რაიმე კუთხით აკლებს ქმედებას, მცდელობას იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და კონცენტრირება მოხდეს, რათა რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მოახდინოს დეკოუპაცია და მოხდეს კონფლიქტის დარეგულირება, არის პოპულისტური. მოვუწოდებ ყველას, შეეშვას პოპულისტურ განცხადებებს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას, მიხეილ ჯანელიძე პასუხობს, რომ "მე ისედაც დაგეგმილი მაქვს პარლამენტში მისვლა წლის დასაწყისში და ვასრულებ ამას". მას არ დაუკონკრეტებია, რა ფორმატში წარსდგება პარლამენტის წინაშე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 19 იანვარს, კიევში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს შესთავაზა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლების მექანიზმში გაერთიანდეს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში კი ამის შესახებ არაფერი ეწერა. 

პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი გაუმჯობესდა და ქართულ მხარეს შეუძლია, ამ პროცესს შეუერთდეს. 

"ეს ხელს შეუწყობს მეტ ყურადღებას და წაახალისებს ევროპას, გაახანგრძლივოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს კუთხით ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კომპონენტები", - თქვა პეტრო პოროშენკომ შეხვედრაზე. 

ამ ეტაპზე მმართველი გუნდის წევრები არ პასუხობენ კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველო, შეუერთდეს რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოების მექანიზმს ან რატომ ჭიანურდება გადაწყვეტილების მიღება. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აქამდე მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ "ეს შეთავაზება არ არის". ამ განცხადებას მავნებლური და უპასუხისმგებლო უწოდა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ. საპარლამენტო უმცირესობამ მოითხოვა, "საგარეო საქმეთა მინისტრმა გვითხრას ნებისმიერი დრო, როცა მას სცალია თავის ძალიან დაძაბულ გრაფიკში. მობრძანდეს პარლამენტში და საზოგადოებას განუმარტოს, რატომ დგამს ყოველდღე ჩვენი ხელისუფლება, ხშირად გაუაზრებელ და ამავდროულად მავნებლურ ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი და გრძელვადიანი ინტერესების საწინააღმდეგოდ და ჩვენი უსაფრთხოების შესასუსტებლად".

კომენტარები