თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

მალხაზ მაჩალიკაშვილი: მე მაინც სტრასბურგში უნდა გავიტანო ეს საქმე

kvirispalitra.ge

"მე მაინც სტრასბურგში, ევროპის სასამართლოში უნდა გავიტანო ეს საქმე"- ამის შესახებ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა "კურიერთან" საუბარში განაცხადა.

"მაჩალიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" - თემირლან მაჩალიკაშვილის იურისტები ამ სახელწოდების სარჩელის შეტანას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აპირებენ.

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს.

გუშინ მთავარი პროკურორი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა, თუმცა, ისინი დაზარალებულებად არ ცნო. მიზეზად კი, მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით ჯერაც დაუსრულებელი ექსპერტიზები დასახელდა. 

გამოძიება პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ახმედ ჩატაევის დახმარებას ედავება. გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები კი ითხოვენ, "ჩემს შვილს მოაშორონ დამნაშავის სტატუსი, მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა".

კომენტარები