არასრულწლოვნების დაჭრა

ყოფილი პარალელური კლასელების დაჭრისთვის, არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვანს, რომელმაც ორი ყოფილი პარალელური კლასელი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა, შემდეგ - დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.

სასამართლოს გადაწყვეტუილების გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე. ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, "პრაქტიკულად, დააპატიმრეს ბავშვი, რომელიც სწავლობს მე-12 კლასში წარჩინებით, ის ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის. ბრალდების მხარის შუამდგომლობა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ".

გამოძიების ინფორმაციით, "2018 წლის 31 იანვარს, თბილისში, ე.წ. წითელ ბაღში, პირველი ექსპერიმენტული სკოლის სამი მოსწავლე სკოლის ბანკეტთან დაკავშირებით სასაუბროდ შეხვდნენ პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს, მათ კლასელს ნ.მ.-ს და ყოფილ პარალელურ კლასელებს, ამჟამად ქ. თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნ.ც.-ს, ი.ც.-ს და ლ.ხ.-ს.  საუბრისას მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ამ დროს, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლემ ა.ნ-მ მკვლელობის განზრახვით, დანით ნ.ც.-სა და ი.ც.-ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები".

სამართალდამცველებმა ა.ნ. 2018 წლის 1 თებერვალს თბილისში დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები