ქურდული სამყარო

შსს: კანონიერ ქურდს საზღვრის გადმოკვეთისას ნებისმიერ შემთხვევაში დააკავებენ

0 კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, ე.წ კანონიერი ქურდი ნებისმიერ შემთხვევაში დაკავდება". 

ტაბულას კითხვას, გაავრცელა თუ არა არასწორი ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, უწყებაში უპასუხეს, რომ "მგონი არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა".

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილზე დაყრდნობით წერს: 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ე.წ. კანონიერ ქურდებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკავებენ, თუ კი მათზე საქართველოში ჩადენილი დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს ინფორმაცია ექნებათ, – ამის შესახებ პირველ არხს შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

„საქართველოში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დასჯა მოხდება, თუ კი ჩვენ გამოძიების ეტაპზე დავადასტურებთ, რომ ამ ადამიანებს რაიმე ფორმით გავლენა აქვთ მოხდენილი საქართველოში მაგალითად დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ან მონაწილეობა აქვთ მიღებული თუნდაც ელექტრონული კომუნიკაციით რაიმე დანაშაულში. ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, რათა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. უნდა დავადასტუროთ ეს. მტკიცებულებების გარშე ხომ ვერ დავაკავებთ? მხოლოდ აღიარების საფუძველზე პირი ვერ დაისჯება. მტკიცების მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული კანონმდებლობა პრობლემებს ქმნიდა. თუ გვექნება აღიარებასთან ერთად მტკიცებულებების ერთობლიობა დადგება პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა".

2 თებერვლს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ქურდული სამყაროს წინააღმდეგ  საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარადგინა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა. მინისტრის თქმით, ცვლილება ითვალისწინებს კონკრეტული დანაშაულებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას. გარდა ამისა, კანონში ჩნდება ახალი ცნებები - ქურდული სამყაროსადმი მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა და ქურდული სამყაროს წევრობა.

"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ქურდული სამყაროს პასიური წევრობა, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის. არის ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი სიახლეც, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, მაშინ ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება" - განაცხადა გახარიამ და აღნიშნა, რომ კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული არის ძალიან დიდი რისკის შემცველი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები