მაიას ცივილიზაცია

მაიას ცივილიზაცია იმაზე დიდი იყო, ვიდრე ვიცოდით - ნაპოვნია 60 000 ახალი შენობა

მაიას ცივილიზაცია
Wild Blue Media / National Geographic

საუკუნეების განმავლობაში გვატემალის ჯუნგლები მაიას ცივილიზაციის უცნობ მასშტაბებს მალავდა.

რევოლუციური ლაზერული ტექნოლოგიის - LIDAR-ის დახმარებით არქეოლოგებმა ტროპიკული ტყეების თვალისთვის დაფარულ სიღრმეში 60 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა იპოვნეს. ისინი წარსულში ქალაქებისა და დასახლებების გზებით დაკავშირებულ კომპლექსს ქმნიდნენ, რომლებშიც მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა.

აღმოჩენილ შენობებს შორის არის შვიდსართულიანი პირამიდა, რომელიც სრულად არის დაფარული მცენარეებით და ჯუნგლების სიღრმეში აბსოლუტურად უხილავია, ერწყმის რა სრულყოფილად ლადშაფტს. 

აღმოჩენა მნიშვნელოვნად ცვლის წარმოდგენას მაიას ხალხის შესახებ.

მკვლევართა ჯგუფმა მაიას ცივილიზაციის აქამდე ცნობილი ძეგლების გარშემო 2000 კვადრატული კილომეტრი შეისწავლა. სამეცნიერო ჯგუფმა თვითმფრინავით შემოუფრინეს ტროპიკულ ტყეს და ციფრული გამოსახულებები შეადგინეს.

"შესაძლოა გადაჭარბებად მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა პირველად დავინახე გამოსახულებები, ცრემლები წამომივიდა", - უთხრა პრესას ბრაუნის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის პროფესორმა სტივენ ჰიუსტონმა.

ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ დაახლოებით 1200 წლის წინ, მაიას ცივილიზაცია თავისი სირთულით უფრო მეტად ჰგავდა ანტიკური საბერძნეთისა და ჩინეთის კულტურებს, ვიდრე გაფანტულ და მცირერიცხოვან დასახლებებს.

მეცნიერები ახალ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მაიას ცივილიზაციის პიკში, ჩვენი წელთაღრიცხვით 250-900 წლებში, ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა არა 5 - როგორც აქამდე მიიჩნეოდა - არამედ 10-15 მილიონი ადამიანი.

კომენტარები