არჩევნები 2018

გიგი უგულავა: მე დღეს ყველაფერი მინდა დავიწყო თავიდან

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა პარლამენტის არჩევნებში ხონისა და ვანი მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

"დადგა დრო მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება გამარჯვებების გრძელ გზაზე!

ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება. ვხედავთ თვითკმაყობილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ ხალხს ქუჩაში. ოცნებამ მომავლის რწმენა ჩაკლა მოსახლეობაში. აპათია, ნიჰილიზმი, ხელის ჩაქნევა, რომ მაინც არაფერ შეიცვლება, გათვლა- შეჩვეული ჭირი სჯობს - ქმნის იმ ფონს, რომ აღარავის სჯერა არავისი. ეს აწყობს დღევანდელ რეჟიმს. პოლიტიკა მთლიანად და პოლიტიკოსები ძალიან დავშორდით ხალხს. დღეს ყველაზე პოპულარული არცერთი პარტიაა, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი კი არავინ. ამასობაში ხდება ფლანგვა და სახელმწიფოებრიობის ეროზია. სახელმწიფო აგებს ომს სიღარიბესთან, აგებს ომს უმუშევრიობასთან, აგებს ომს კრიმინალთან. ჩვენ ვაგებთ და ვკარგავთ რწმენას საკუთარი თავისა და ქვეყნის პერსპექტივის. ამიტომ მივიღე მე ეს გამოწვევა. ხონსა და ვანს აქვს პრივილეგია იყოს ამ ცვლილებების მედროშე და ავანგარდი. ამ საყოველთაო უიმედობის ფონზე ხონელებსა და ვანელებს აქვთ შანსი საქართველოს მდორე პოლიტიკური ცხოვრების ჩარხი შეაბრუნონ და ქვეყანა პროგრესისკენ მიმართონ.

მე არ ვსაუბრობ საკუთარ თავზე. დიდი პატიცია იყო შენი მოსახლეობის ხმა პარლამენტში, მაგრამ აქ საქმე ჩემში არაა. თუ ჩვენ, ოპოზიციამ გავიმარჯვებთ ხონსა და ვანში, ოპოზიცია გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზეც. თუ ვიქნებით კონსოლიდირებული 2018 წელი დიდი შემობრუნების და იმედის წლად შეიძლება ვაქციოთ. მე მინდა შევთავაზო თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, ჩვენ ეს ვნახეთ კორცხელში. მაგრამ ყველა წინააღმდეგობა მხოლოდ ამძაფრებს გამარჯვების სურვილს და თუ გამოვნახავთ საერთო ენას, შედეგი იქნება ახლაც და ოქტომბერშიც. ევროპული საქართველო საუკეთესო პლათფორმაა ოპოზიციისთვის, რადგან ხონსა და ვანში ჩვენ, ოპოზიციურ პარტიათა შორის, გასულ არჩევნებზე საუკეთესო მაჩვენებელი გვქონდა. ვაქციოთ ეს არჩევნები თანამშრომლობის და არა დაპირისპირების არეალად. თანამშრომლობის! რასაც ჩვენგან ელოდება ჩვენი ხალხი. თანამშრომლობის! უკეთესი საქართველოსთვის, თანამშრომლობის! მომავლალი საქართველოსთვის

მე ჩემი პირადი მოტივაციაც მაქვს.  ვგრძნობ პირად პასუხისმგებლობას  ამ საქმეში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი თანამდებობები მეკავა და ათასი წარმატება და მარცხი მაქვს ნანახი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი წარსულის შეცდომები და ვიცი, როგორ უნდა დავიზღვიო თავი მომავალში შეცდომებისაგან, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ ვგრძნობთავისუფლებას, ძალიან დიდ პოზიტიურ ენერგიას და არ ვარ ბოღმით დამძიმებული

აგიხსნით რასაც ვგულისხმობ - სამი წელი ციხეში,  პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნის დროს ყველაზე მეტად მეშინოდა, რომ ბრაზს და შურისძიების სურვილს არ მოვეცვი და არ დავემარცხებინე. ყველაზი დიდი შინაგანი ბრძოლა ესაა. თუ ბოღმა, შურისძიება, დაკარგული ძალაუფლების დარდი დაგამარცხებს - შენი ადგილი პოლიტიკაში აღარაა. ვერაფერს კარგს ვეღარ მოუტან შენ საზოგადოებას და შენ ხალხს!

თუ ეს ყველაფერი მოგერია და შენ საზოგადოებას შავ-თეთრად, მხოლოდ შენიანებად და მტრებად, მხოლოდ მებრძოლ დაპირისპირებულ მხარეებად აღიქვავ, შენ ვეღარ მიიღებ მონაწილეობას მომავლის შექმნაში.

მხოლოდ ამ განწყობით გაქვს უფლება  ქვეყნის მომავლის განსაზღვრისათვის იბრძოლო და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქვს გამარჯვების შანსი!

მარტივად გეტყვით - მე დღეს ყველაფერი მინდა დავიწყო თავითან!", - განაცხადა გიგი უგულავამ ყრილობაზე.

კომენტარები