არჩევნები 2018

გიგი უგულავა: რასაც დაგპირდებით, თავს მოვიკლავ და ბოლომდე გავაკეთებ

ტაბულა

"მე არ მიყვარს ფუჭი საუბარი და რასაც დაგპირდებით, თავს მოვიკლავ და ბოლომდე გავაკეთებ,"- პარტიის ყრილობაზე ამბობს ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა. სიტყვით გამოსვლისას უგულავამ განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება კენჭი იყაროს შუალედურ არჩევნებში, რომელიც ხონისა და ვანის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის აპრილში გაიმართება. 

"მეგობრებო, ოცნება შევიდა თავის მმართველობის ბოლო ფაზაში, ყველა კარგად ხვდება, რომ ოცნება ოცნებებად დარჩა, ამან დეპრესიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. მომავალი საქართველოს ბრძოლა ჩვენი ვალია. მომავლის საქართველოში გამარჯვებული არ უნდა ანადგურებდეს დამარცხებულს, არამედ აძლევდეს მას საქმიანობის ღირსეულ შესაძლებლობას. მომავლის საქართველოში გლეხს გაუნათლებელს არავინ დაუძახებს, არამედ მოეხმარება მას პროდუქტიულობის გაზრდაში, მომავლის საქართველოში კრიმინალს ებრძვნიან და არ ეგებიან მას ფეხქვეშ. მომავლის საქართველოში ეკონომიკა სწრაფად უნდა განვითარდეს, ამისტვის მცირე გადასახადები და ნაკლები ბიუროკრატიაა საჭირო. მომავლის საქართველოში უმუშევრობა მცირდება, ეკონომიკა იზრდება, მომავლის საქართველოში განათლებაა წარმატების მიღწევისთვის საჭირო და არა ნეპოტიზმი. მომავლის საქართველოში განსხვავებულებს არ ებრძვიან, არამედ მრავალფეროვნებას აფასებენ და პირიქით ის სიმდიდრედ მიაჩნიათ", - ამბობს გიგი უგულავა. 

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად: "თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრსუფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ − უახლოეს აპრილში".

შესაბამისად, შუალედური არჩევნები 2018 წლის აპრილში გაიმართება.

 

კომენტარები