თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

მაჩალიკაშვილის ოჯახი: პანკისის დაკარგვაზე განცხადება არასწორად გავრცელდა

kvirispalitra.ge

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ტელეკომპანია იბერიას ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტებებს ავრცელებს. 

2 თებერვალს მალხაზ მაჩალიკაშვილმა იბერიას ეთერში თქვა, რომ თუკი სპეცოპერაციაში მონაწილე პირები არ დაისჯებიან, საქართველო პანკისის ხეობას დაკარგავს. 

Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში, მაჩალიკაშვილების ოჯახი წერს, რომ განცხადებას სხვადასხვა ადამიანებისა და ჯგუფების მიერ არასწორი განმარტებები მიეცა. მათი თქმით, სპეცოპერაციის შემდეგ პირველივე დღეებში ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილისგან დამნაშავის ხატის შექმნას ცდილობდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვარაუდის გარეშე დამნაშავედ მოიხსენიებდა. 

"ცხადია, თემირლანის, უდანაშაულო ახალგაზრდის საკუთარ სახლში ამ ფორმით სიცოცხლის ხელყოფის საქმე აღელვებს არა მხოლოდ ჩვენს ოჯახს, არამედ მთელს ხეობას. ეს იმიტომ რომ წლების განმავლობაში პანკისის ხეობას ყველა ხელისუფლება საფრთხის შემცველ ტერიტორიად სახავდა და ადგილობრივ ხალხს მუდმივად იმის მტკიცება გვჭირდება, რომ ტერორისტები და რადიკალები არ ვართ. სირცხვილის და თავის მართლების ეს მდგომარეობა რეგიონში სწორედ ხელისუფლებების არასწორმა პოლიტიკამ შექმნა. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ჩვენი ხალხის ღრმა კავშირი და მიჯაჭვულობა საქართველოსთვის გამოიყენოს ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, ხეობაში ძირითადი მოქმედი სახელმწიფო უწყება სუსია, რომელიც სწორედ დასჯის და კონტროლის საშუალებებით მუშაობს ჩვენზე. ბოლოს ჩატერებული სისხლიანი სპეცოპერაცია და მის გარშემო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სოციალური შინაარსისგან დაცლილი, გაუზრებელი განცხადებები ჩვენს ამ განცდას კიდევ უფრო აღრმავებს. და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ჩვენთვის მოყენებული ტკივილი და დასუსტებული ნდობა შეეცვალა, მაღალი თანამდებობის პირები არც კი ჩამოვიდნენ ხეობაში. ჩვენ არ გვესმის ხელისუფლების ეს უმოქმედება უმეცრებაა მხოლოდ, თუ რაიმე სტრატეგია. ხელისუფლებამ ღია ჭრილობებით და ტკივილით მიგვატოვა პანკისელები და დღეს უფლის, საკუთარი და ჩვენი მეგობრების ძალებით ვცდილობთ ამ ღრმა სტრესის გააზრებას და გადალახვას,"- წერია განცხადებაში. 

ოჯახი აღნიშნავს, რომ მათ სხვა სამშობლო არ აქვთ, გარდა საქართველოსი და მათ მოქალაქეობის მაღალი განცდა აქვთ.

"ამდენად, მედიაში გაკეთებული ჩვენი ემოციური განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე, არ შეიცავდა სხვა აზრს გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემაზე გაგვესვა ხაზი. დიახ, ნდობის აღდგენის ხაზი დღეს ამ საქმეზე სიმართლის დადგენის პროცესზე გადის და ეს მთელი ხეობისთვის ასეა,"- წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ოჯახის თქმით, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ "სიმართლის დადგენისთვის". მათივე განმარტებით, სიმართლის დადგენა მათთვის სპეცოპერაციის ამ ფორმით დამგეგმავი და განმახორციელებელი სუს-ის მაღალი თანამდებობის პირებისა და უშუალოდ სპეცრაზმელის დასჯას ნიშნავს. 

"ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფომ დაამტკიცოს, რომ თემირლანმა ნამდვილად იცოდა, რომ ის ბიჭები, რომელსაც თითქმის მთელი ხეობა და ჩვენი ოჯახიც სხვა სახელებით იცნობდა და მეგობრობდა, ტერორისტები იყვნენ და სწორედ ამ მიზნით მათ თემირლანი სხვადასხვა რესურსებით ეხმარებოდა. თუ ამას თავის დროზე დამიმტიკებდა ხელისუფლება, ჩემი ხელით მივუყვანდი ჩემს შვილს დასაპატიმრებლად. ამისთვის ომის ტექნიკის გამოყენება ხელისუფლებას ჩვენს ოჯახთან არ დასჭირდებოდა,"- აცხადებს მაჩალიკაშვილების ოჯახი. 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. ის სუს-ის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

კომენტარები