თურქეთი

ერდოღანი: ევროკავშირის წევრობისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, სხვა ვარიანტი მიუღებელია

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იტალიურ გაზეთ La Stampa-სთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ კვლავ ელოდება, რომ ევროკავშირი ადრე თუ გვიან თურქეთს მიიღებს როგორც სრულუფლებიან წევრს და ხაზი გაუსვა, რომ სხვა გამოსავალი მიუღებელი იქნება.

"თურქეთმა ყველაფერი გააკეთა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს." განაცხადა მან და დაამატა, რომ მისი აზრით ევროკავშირი პასუხისმგებელია თურქეთის გაწევრიანების პროცესის დაბლოკვაზე და ამას ქვეყანაში პროგრესის ნაკლებობას აბრალებს.

"მოვუწოდებ ევროკავშირს მოხსნას ხელოვნური ბარიერები წევრობისათვის და იყოს უფრო კონსტრუქციული. შიდა პოლიტიკა გაწევრიანების პროცესს არ უნდა გადაეღობოს."

ერდოღანმა ინტერვიუს დროს ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე თურქული სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის რტოც" დაიცვა.

"თურქული სამხედრო ძალები აფრინში შეიარაღებულ ქურთულ ჯგუფებთან საბრძოლველად არ არიან. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა სირიელ ქურთებთან, ჩვენ მხოლოდ ტერორისტებს ვებრძვით და ჩვენ ამის სრული უფლება გვაქვს." თქვა მან.

ჟურნალისტის კომენტარზე, რომ ევროკავშირი და აშშ ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებს ტერორისტულ ორგანიზაციად არ განიხილავენ და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ხელს უწყობენ ერდოღანმა უპასუხა:

"ისინი ცდებიან. ქურთისტანის მუშათა პარტიის და ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთების განსხვავებულად აღქმა შეცდომაში შემყვანია. ვერ დაუპირისპირდები ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას მეორე ტერორისტული ორგანიზაციის მეშვეობით."

ერდოღანი იტალიაში კვირას ჩავიდა. ის რომის პაპ ფრანცისკეს უნდა შეხვდეს. გავრცელებული ინფორმაციით მათ იერუსალიმის საკითხზე და სირიასა და ერაყში არსებულ სიტუაციაზე უნდა ისაუბრონ. დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ პაპმა ფრანცისკემ და ერდოღანმა საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ქალაქის სტატუსის ცვლილება ამ ეტაპზე არ უნდა განხორციელდეს.

ერდოღანი რომის პაპს დღეს უნდა შეხვდეს და 59 წლის მანძილზე ეს ვატიკანში თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება. ვიზიტის პარალელურად რომში ერდოღანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იგეგმება, რის გამოც 3,500 პოლიციელია მობილიზებული. პროტესტთან დაკავშირებით ერდოღანმა თქვა: "მე არ ვესაუბრები იმ ხალხს, ვინც მხარს უჭერს ტერორიზმს. მე მხოლოდ ვესაუბრები მათ, ვინც ტერორიზმს ებრძვის."

შეგახსენებთ, რომ ფრანცისკე პირველი პაპია, ვინც 1915 წელს თურქეთში 1.5 მილიონამდე სომეხის მკვლელობას გენოციდი უწოდა.

ერდოღანი იტალიის პრეზიდენტს და პრემიერმინისტრსაც შეხვდება.

კომენტარები