მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადაცია

საია: საქართველო ვალდებულია, ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, “არსებობს სერიოზული და აშკარა საფუძველი იმის სარწმუნებლად, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, რეალური საშიშროება ემუქრება”. საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაბუქის ექსტრადაციის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებები წარადგინა.

საია მიიჩნევს, რომ საქართველო ვალდებულია, არ მოახდინოს ჩაბუქის ექსტრადირება, რადგან:

  • საქმეში არსებული გარემოებები ამყარებს იმ ვარაუდს, რომ თურქეთის მხრიდან დაყენებულ მოთხოვნას ექსტრადირების თაობაზე საფუძვლად უდევს არა სამართლებრივი, არამედ - პოლიტიკური მოტივი;
  • არსებობს სერიოზული და აშკარა საფუძველი იმის სარწმუნებლად, რომ ჩაბუქს თურქეთისათვის გადაცემის შემთხვევაში ემუქრება რეალური საშიშროება, დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ან/და ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით;
  • თურქეთში ადამიანის უფლებათა საგანგაშო მდგომარეობისა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის ფონზე, დიპლომატიური გარანტიები წარმოადგენს მხოლოდ დაპირებას, რომელიც არაეფექტურია ადამიანის წამების რისკების თავიდან ასარიდებლად.

 

საია სასამართლო მეგობრის მოსაზრებებში განიხილავს იმ საფუძვლებს, რა შემთხვევაშიც ქვეყანას არ შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის ექსტრადირების თაობაზე. ორგანიზაცია მიმოიხილავს თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას და აღნიშნავს, რომ “ეს, აუცილებელია, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს და გაითვალისწინოს”.

 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ადვოკატის ინფორმაციით, ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, მათ შორის, ორი წელი - მუდმივად.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ჩაბუკის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა. ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუკის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან.

თურქეთი ჩაბუქის ექსტრადირებას ითხოვს. თავად ბრალდებულს კი, საქართველოსგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭება სურს. იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ მას სტატუსზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სუბარის თქმით, ჩაბუქი თურქეთის საპყრობილეში წამებას არ დაექვემდებარება და საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ დემირელის კოლეჯის დირექტორს ევროპული სტანდარტების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ.

თუმცა, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და პრეზიდენტს თხოვნით მიმართავენ, გამონაკლისის წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახის წევრებს.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ასევე მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

 

კომენტარები