საქართველო-ევროკავშირი

პრემიერი: მზად ვართ, მოვსინჯოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური

"ჩვენ ერთად შევქმენით კიდევ უფრო მტკიცე ურთიერთობების მყარი საფუძველი, რომელიც იძლევა მომავალში ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების დიდ იმედს", - ეს გიორგი კვირიკაშვილმა  საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა ევროკავშირს მადლობა გადაუხადა დახმარების ახალი, 450 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტისთვის, რომელიც 2017-2020 წლებში რეფორმების განხორციელებას უნდა მოხმარდეს. 

კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ასევე მადლობელია ENPARD-ის მე-3 ფაზის ფარგლებში 77,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებისთვის, რომელიც მიზნად სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავს. 

"ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ შემდგომ ნაბიჯებს ევროკავშირთან საქართველოს სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების და ევროკავშირის ნორმებთან, სტრატეგიებსა და პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით.
ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირის აქტიურ მხარდაჭერას, რომელიც გამოიხატება სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის გაგრძელებაში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შუამავლის როლსა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მეშვეობით გაწეულ მხარდაჭერაში, წვლილი შეაქვს ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებაში.

თავის მხრივ, საქართველო არის ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი და ერთგული მოკავშირე უსაფრთხოების სფეროში, რომელიც მზად არის, უდიდესი წვლილი შეიტანოს მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში და ოქტომბერში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის პირველი შეხვედრა.

ჩვენ მზად ვართ და გვაქვს დიდი მოტივაცია, სრულად გამოვიყენოთ არსებული სამუშაო ჩარჩოების პოტენციალი და ამავე დროს, მოვსინჯოთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, რათა მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის მაქსიმალურად მაღალ დონეს. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვმუშაობთ ამბიციურ გზამკვლევზე, რომელშიც დასახული იქნება ჩვენი ევროპული დღის წესრიგის მთავარი მიმართულებები. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირიდან, რათა გავაღრმავოთ მუშაობა დღეს განხილულ ყველა ასპექტზე", - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოს პრემიერმინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში დღეს ჩავიდა. საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღო. 

კომენტარები