ევროპული საქართველო

რატიანი მანდატურის სამსახურის რეფორმირებაზე: ეს უკანგადადგმული ნაბიჯია

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი დაგეგმილ მანდატურის სამსახურის რეფორმირებას გამოეხმაურა. რატიანის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ფაქტობრივად იმ კანონს აბრუნებს, რომელიც 2013 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეცვალა ქართულმა ოცნებამ.

"2013 წლიდან მანდატურის სამსახური მოექცა ორმაგი დაქვემდებარების ქვეშ, რაც დღეს გაკეთებული განცხადებების ფონზე ფაქტობრივი აღიარებაა იმ ფაქტისა, რომ 5 წლის განმავლობაში სკოლაში მოშლილი იყო მოსწავლეების უსაფრთხოების სისტემა და მანდატურის სამსახურის მიზანმიმართული დისკრედიტაცია თავის დროზე დაშვებული შეცდომა გახლდათ, რომელმაც, სამწუხაროდ, აჩვენა კიდეც თავისი შედეგი,"- ამბობს რატიანი. 

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. რატიანი ამბობს, რომ პოლიციური რეჟიმის გაძლიერება არ შეიძლება განიხილებოდეს არსებული, რთული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებად. 

"ეს ფაქტი კვლავ ხაზს უსვამს განათლების სამინისტროს უმოქმედობას. ეს არის განათლების რეფორმის შეჩერების დადასტურება ნაცვლად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ზრუნავდეს რეფორმის აქტიურ ფაზაში გადასვლაზე, რაც თავისთავში გულისხმობს კიდეც უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის პრინციპების დანერგვასა და განუხრელ დაცვას, შემოთავაზებულია სკოლებში პოლიციური რეჟიმის გაძლიერებისა და ხელშეწყობის მექანიზმების დაკანონება. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ 21-ე საუკუნეში, საერთაშორისო პრაქტიკისა და კვლევების გათვალისწინებით, შეუძლებელია ძალადობრივი მექანიზმები, პოლიცია სკოლაში, განვიხილოთ, როგორც მოზარდებში გაძლიერებული აგრესიის შემაკავებელი ფორმა,"- ამბობს რატიანი. 

შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები წარადგინეს. ცვლილებების მიზანი მანდატურის სამსახურის რეფორმირებაა. ცვლილებები შეეხება როგორც სკოლებში მანდატურების დანიშვნის წესს, ასევე მათ უფლება-მოვალეობებს. 

მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ. ასევე, მანდატური შეიძლება გახდეს მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი და ასაკი აიწევს 21 წლამდე. 

ამასთან, "სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება".

ახალი კანონპროექტით, სკოლის გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეო კამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდება

მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

კომენტარები