საზმაურ სამეურვეო საბჭო

მსხილაძე: იაკობაშვილის facebook სტატუსმა შელახა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაცია

facebook.com

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ქეთი მსხილაძის თქმით, საბჭოს კიდევ ერთი წევრის, გიორგი იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი, ლახავს არა მხოლოდ სამეურვეო საბჭოს არამედ მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას. მსხილაძემ ამის შესახებ ტელეკომპანია "პირველი" ეთერში ისაუბრა. 

საუბარია სამეურვეო საბჭოს წევრის გიორგი იაკობაშვილის მიერ facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსზე, სადაც ის "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას" და მის ხელმომწერ ჟურნალისტებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს. 

ქეთი მსხილაძეს მიაჩნია, რომ იაკობაშვილის მიმართ გაჩენილი კიტხვები და ეჭვები ლეგიტიმურია და სერიოზული მსჯელობის საკითხი უნდა გახდეს.

"რასაკვირველია, გია იაკობაშვილის ამ სტატუსმა, რომელიც გამოქვეყნდა, შელახა რეპუტაცია, არა მხოლოდ სამეურვეო საბჭოს, არამედ მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის და ეს ძალიან დასანანია. მე დღეს მას პირადადაც ვუთხარი და მედიასაც მივეცი ინტერვიუ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ეს ყველაფერი. გიას მოსაზრებებს, მე არ ვიზიარებ ცხადია, მაგრამ ერთია ვიღაცის მოსაზრებებს არ იზიარებდე, მეორეა გამოხატვის ფორმა. ყველა და ყველაფერი შეიძლება გააკრიტიკოს ადამიანმა, ამაზე შეზღუდვა არ არსებობს და გვაქვს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ გაკრიტიკების ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ზრდილობის ფარგლების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კიდევ უფრო მეტად მოეთხოვება ისეთ საჯარო პირს, როგორიც არის ბატონო გია იაკობაშვილი, იმიტომ რომ ის სამეურვეო საბჭოს ერთერთი წევრია და წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამიტომ ის კითხვები, ის ეჭვები, რაც გახდა გიასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ არის სრულიად ლეგიტიმური და ვფიქრობ რომ ეს უნდა გახდეს ძალიან სერიოზული მსჯელობის საკითხი.“ - ამბობს მსხილაძე.

მსხილაძეს მიაჩნია, რომ იაკობაშვილის ეს საქციელი შეიძლება დაბჭოს დატოვების საფუძველი გახდეს, თუმცა სამეურვეო საბჭოს გაწერილი პროცედურები ამასთან დაკავშირებით არ აქვს. 

"მე მიმაჩნია, რომ ასეთი გამოხტომები და ეპატაჟები არის დაუშვებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრისთვის. უსათუოდ უნდა იყოს დაცული ზღვარი ზრდილობას და უზრდელობასა და უხამსობას შორის. საფუძველი, ცხადია, შეიძლება გახდეს [სამეურვეო საბჭოს დატოვების საფუძველი], მაგრამ სამეურვეო საბჭოს რაიმე პროცედურა არ აქვს გაწერილი თავისი წევრის საქციელზე თუ უსაქციელობაზე რეაგირების მოსახდენად. არ აქვს იმიტომ, რომ ალბათ, როდესაც კანონი იქმნებოდა, ჩაითვალა და ითვლება ახლაც, რომ აქ მოდიან ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით და გათავისებული აქვთ დემოკრატიული ღირებულებები, კარგად ესმით, რა არის ზრდილობის ზღვარი და უზრდელობის ზღვარი, კარგად ესმით სიტყვის თავისუფლების ფარგლები და ისიც კარგად ესმით, რას ნიშნავს, საჯარო პირი რომ ხარ." - ამბობს მსხილაძე.

კომენტარები