მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია

ჩაბუქის ადვოკატი: ჩაბუქის ექსტრადიცია დაუშვებელია, ეს სახელს გაუტეხს საქართველოს

სოსო ბარათაშვილი
პორტალი "კვირა"

 

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებადაუშვებელია და ეს საქართველოს სახელს გაუტეხს. ადვოკატი ამბობს, რომ აქვს მყარი მტკიცებულებების იმისა, რომ თურქეთში ჩაბუქს არაადამიანური მოპყრობა ელის. 

"ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულებები რათა დავასაბუთოთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია არის სრულიად დაუშვებელი, ეს სახელს გაუტეხს ჩვენს ქვეყანასა და მის ღირსებას. სამწუხაროდ, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები, რომლებიც შეეხებოდა ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას, გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მისი სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლება, ძალზე დიდ ანგარიშს უწევს თურქეთის ხელისუფლების უკანონო მოთხოვნას. მზად არის, რომ უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც მოელის წამება გადასცეს თურქეთის მხარეს. ჩვენ ბევრს არაფერს ველით ხვალინდელი სასამართლო პროცესისგან. სასმართლომ სასწრაფო წესით დაინიშნა განხილვა და სავარაუდოდ, ხვალვე მიიღებს გადაწყვეტილებას." - ამბობს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.

პროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით დღეს მიმართა. ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთთხვევაში, დაცვის მხარე მზად არის მიმართოს როგორც უზენაეს სასამართლოს, ისე ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს. 

"თუ დაკმაყოფილდება პროკურატურის შუამდგომლობა, უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, მაგრამ პარალელურად ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს შუამდგომლობა უკვე მომზადებულია ჩვენი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, ერთობლივად, რათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად შეჩერებულ იქნას ექსტრადიცია. ამ საკითხს ევროპული სასამართლო იხილავს 48 საათის განმავლობაში და გადაწყვეტს რამდენად დაექვემდებარება შეჩერებას." - ამბობს ადვოკატი. 

თბილისის საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო სამუშაოების დაწყებაზე პროკურატურის მოთხოვნას 6 თებერვალს 13:00 საათზე განიხილავს.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციოპატიმრობა შეუფარდეს. აგვისტოში მოსამართლემ აღნიშნული ვადა კიდევ 3 თვის ვადით გაახანგრძლივა.

ლტოლვილთა სამინისტრომ კი ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სუბარის თქმით, ჩაბუქი თურქეთის საპყრობილეში წამებას არ დაექვემდებარება და რომ საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ ჩაბუქს ევროპული სტანდარტების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ.

თუმცა, ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებოო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა. Human Rights Watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის პოლიცია ხშირად მიმართავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას, ემუქრება პატიმრებს გაუპატიურებით, საათების განმავლობაში აიძულებს მუხლებზე დაჩოქილი ყოფნას, ამყოფებს წყლის, საკვებისა და ძილის გარეშე. თურქეთის ციხეებში მძიმე ვითარებაზე საუბრობს Amnesty International-იც 2016-2017 წლის ანგარიშში. 

ემრე ჩაბუქის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარ​აუდო კავშირის გამო მოითხოვა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სწორედ ფეტოს და მის ლიდერს, ფეტულაგიულენს ადანაშაულებს. 

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ემრე ჩაბუქის დაცვას ცდილობენ და აცხადებენ, რომ საქართველო ვალდებულია, ის თურქეთს არ გადასცეს. მათ რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელეს და პრეზიდენტს მიმართეს, გამონაკლისის სახით ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს. 

კომენტარები