მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე

ომბუდსმენი: ჩაბუქის ექსტრადირების შემთხვევაში, მაღალია მისი წამების რისკი

ტაბულა

სახალხო დამცველის განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქართველოდან ექსტრადირება არ უნდა მოხდეს, რადგან ის შესაძლოა გახდეს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.

ომბუდსმენმა ჩაბუქი საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. წერილში განხილულია ის გარემოებები და არგუმენტები, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს ექსტრადიციის მოთხოვნა.

"შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჩაბუქის დევნას პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან წარდგენილი ბრალდება არის ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი. საერთაშორისო ორგანიზაციების და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მიუთითებს, რომ აღნიშნული სახის ბრალდებებით დევნიან პოლიტიკურ აქტივისტებს, რათა მათ წაერთვათ აზრისა და გამოხატვის უფლება. რაც შეეხება მეორე გარემოებას, ასევე მიგვაჩნია, რომ მაღალი არის რისკი და ალბათობა იმისა, რომ პირი შესაძლოა არ დაექვემდებაროს სამართლიანი სასამართლოს განხილვას. თურქეთის რესპუბლიკაში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკაში ბრალდებულებს წაერთვათ ადვოკატებთან კონფიდენციალური წვდომის უფლება და ისინი ვერ სარგებლობენ მთელი რიგი პროცედურული გარანტიებით. ასევე, მაღალია რისკი იმისა, რომ პირი დაექვემდებაროს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. არაერთი საერთაშირო ორგანიზაცია საუბრობს, რომ მაღალია ალბათობა და რისკი წამების და არაადამიანური მოპყრობის. ხშირ შემთხვევაში წამების მიუხედავად ამ ფაქტების სათანადო გამოძიება ვერ ხდება და ხშირად მსხვერპლები უკვალოდაც უჩინარდებიან. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, თუმცა მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დიპლომატიური გარანტიები არ პასუხობს იმ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რაც დადგენილია ექსტრადიციის შემთხვევაში. მთელი რიგი ევროკავშირის წევრი ქვეყნები უარს ეუბნებიან თურქეთის ხელისუფლებას ექსტრადიციის თაობაზე და ადგილობრივი სასამართლოები სათანადო დასაბუთებად არ მიიჩნევენ თურქეთის მიერ გაცემულ დიპლომატიურ გარანტიებს. ვფიქრობ, რომ ჩვენი სასამართლოს მიერაც აღნიშნული გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

"პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია, ასევე დაირღვევა ევროსასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით აღიარებული პრინციპები. ზემოაღნიშნული აქტებით, დადგენილია რამდენიმე გარემოება, რა შემთხვევაშიც პირი არ უნდა დაექვემდებაროს ექსტრადიციას სხვა ქვეყანაში, ხოლო ბატონი ჩაბუქის შემთხვევაში ადგილი აქვს არა ერთ, არამედ რამდენიმე ასეთ გარემობას, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმის თქმის საფუძველს, რომ პირი არ უნდა დაექვემდებაროს ექსტრადირებას თურქეთის რესპუბლიკაში", - ამბობს ლომჯარია.

პროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით დღეს მიმართა. 

თბილისის საქალაქო სასამართლო ჩაბუქის საექსტრადიციო სამუშაოების დაწყებაზე პროკურატურის მოთხოვნას 6 თებერვალს, 13:00 საათზე განიხილავს.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. აგვისტოში მოსამართლემ აღნიშნული ვადა კიდევ 3 თვის ვადით გაახანგრძლივა.

ემრე ჩაბუქის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სწორედ ფეტოს და მის ლიდერს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს.

კომენტარები