ჭერის ჩამონგრევა მეტროსადგურ ვარკეთილში

საკრებულოს სხდომა, სადაც მეტრო ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევაზე უნდა ემსჯელათ, ჩაიშალა

0 კომენტარი
ფოტო: primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწვეული თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. საკრებულოს წევრებს დღეს მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის მიზეზებზე უნდა ემსჯელა. 

სხდომის ჩაშლის ერთერთი მიზეზი ის არის, რომ საკრებულოში თბილისის არც ამჟამინდელი მერი კახა კალაძე მივიდა და არც დავით ნარმანია, რომლის დროსაც მოხდა მეტროსადგურის რეაბილიტაცია. 

"ერთი კვირა გავიდა და მუშა ტელევიზიის ეთერით ყვება, რა პრობლემები იყო იქ. ეს ნორმალურია? გამოდიან აქ გადაპრანჭულები და დავარცხნილები და შარვალ-კოსტუმით აკეთებენ განცხადებას, რომ თურმე, შოუებში მონაწილეობას არ მიიღებენ. უკაცრავად, ეს არის თქვენი ვალდებულება. უნდა გაითავისონ, რომ ისინი არიან თბილისელების მიერ არჩეულები,"- ამბობს ენმ-ის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. 

ევროპული საქართველოს საკრებულოს წევრი გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ მეტროში სამუშაოები მერიამ ისე ჩაიბარა, რომ ხარისხი არ შეუმოწმებია, შესაბამისად, ამ თემაზე საუბარს საკრებულოს უმრავლესობა თავს არიდებს. 

"ყველა ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას, შესაბამისად, კომისიაზეც ვიყავით, ფრაქციაც მოვიწვიეთ, სადაც სამწუხაროდ, ასევე არ მოვიდა მერია. დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ მოიწვია რიგგარეშე სესია და აქაც არ მოვიდა ქართული ოცნება და მერია. შერჩევითობა და ფორმატების ძებნა, სად ნაკლები რამ ითქმება და სად ნაკლები დრო იქნება, ამის მიხედვით ეძებენ და არა იმის მიხედვით, რომ რაღაც სათქმელი ჰქონდეთ. ბუნებრივია, რომ სათქმელი არ აქვთ, რადგან ყველამ ვიცით უკვე, დადასტურებულად, რომ მეტროში სამუშაოები მერიამ ჩაიბარა ისე, რომ ხარისხი არ შეამოწმა,"- ამბობს დეპუტატი.

ქართული ოცნების საკრებულოს წევრები კი აცხადებენ, რომ ისინი მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებენ და ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს "უნიჭო წარმოდგენებს" უწოდებს. 

"კომისიური ფორმატი ყველაზე სამუშაო ფორმატია. პოლიტიკური განცხადებებისთვის და პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერისთვის დღეს რა უნიჭო წარმოდგენასაც მართავს ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქალაქში და ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ვმართავთ და თითოეულ ნაბიჯს იმისთვის ვდგამთ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, თითოეულის სხვადასხვა დონეზე, იყოს უზრუნველყოფილი და გარანტირებული,"- ამბობს ქართული ოცნების წევრი ვახტანგ შაქარიშვილი. 

1 თებერვალს თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ, რომლის დროსაც ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები მეტროსადგურ ვარკეთილში, განაცხადა, რომ არ აპირებს საკრებულოში მისვლას, რადგან "მათ დაძახილზე საკრებულოში არასდროს მიდიოდა". 

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი 30 იანვარს ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია.

ვარკეთილის მეტროში სარემონტო სამუშაოები კომპანია "ყვარელრემმშენმა" ჩაატარა და ეს თბილისის ბიუჯეტს 347 ათას 848 ლარი დაუჯდა. რემონტი 2017 წლის აგვისტოში დასრულდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ყვარელრემმშენი" ტენდერში გამარჯვებამდე შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში იყო, ტაბულამაც გაავრცელა. სტატიაში მითითებული იყო ისიც, რომ შავ სიაში ყოფნის პერიოდი ერთი წელია. ტაბულა დაუკავშირდა შესყიდვების სააგენტოს და სცადა გარკვევა, რა მიზეზით მოხვდა კომპანია შავ სიაში. უწყებაში ამ კითხვას არ უპასუხეს და ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვა გვირჩიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე, წაიკითხეთ:

სკოლები, საბავშვო ბაღები, შსს-ს შენობები და სხვა - რას არემონტებდა "ყვარელრემმშენი"

შესყიდვები: ყვარელრემმშენი 2015 წელს შავ სიაში ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის იყო

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები