ტრანსფობია

სამი ტრანსგენდერი ქალის ცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე ტრანსგენდერი ქალების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

"დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 2 პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ახალი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აგრძელებს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მონიტორინგს.

ტრანსგენდერი ქალის, გაბრიელას თქმით, მას ჯერ ქუჩაში თავს უცნობი მამაკაცი დაესხა. შემდეგ კი, საავადმყოფოში, ორმა კაცმა მას და მის მეგობარ ტრანსგენდერ ქალებს - ელენეს და მირანდას - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ტრანსგენდერი ქალის თქმით, თავდამსხმელებმა სცემეს სასწრაფოს თანამშრომლებსაც, რომლებმაც მისი დაცვა სცადეს. 

ცნობისთვის, ინციდენტის კიდევ ერთ მონაწილეს, ტრანსგენდერ ქალ მირანდა ფაღავას რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ თავს. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები