ე.წ ქურდული სამყარო

შსს: ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“: „ნოდარ გლდანსკი“, „მაღალოსთან“, „პეწოსთან“, „დათო სურგუცკისთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

"წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთი არის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „დობო“. პოლიციამ იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე დააკავა. ხოლო მეორე კრიმინალური ავტორიტეტი გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის ზონაში, იმ დროს დააკავეს, როცა იგი ქვეყნის დატოვებას და მიმალვას აპირებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს, დიდი ოდენობით თანხა და უძრავი ქონება გამოსძალეს." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღეს, რომლებშიც ბრალდებულების „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

კომენტარები