საფონდო ბირჟა

გლობალურ ბაზრებზე ვარდნაა - 24 საათში ბირჟებიდან $4 ტრილიონი გაქრა

bloomberg.com

აშშ-ში, ევროპასა და აზიაში საფონდო ბირჟებზე ვარდნაა. Dow Jones-ის ინდექსი 4.6%-ით დაეცა, რაც 2011 წლის შემდეგ ერთ დღეში დაფიქსირებული მაქსიმალური ვარდნაა. S&P 500 3.8%-ით დაეცა, ხოლო Nasdaq-ის ინდექსი 3.7%-ით დაეცა. ვარდნით დაიწყო ვაჭრობა ევროპულ ბირჟებზეც, გერმანული DAX, ბრიტანული FTSE 100, ფრანგული CAC 40 3%-ით დაეცა. იაპონური Nikkei 4%-ით დაეცა, ავსტრალიის S&P/ASX 200 კი 3%-ით შემცირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საფონდო ბირჟებიდან დაახლოებით $4 ტრილიონის ღირებულების ქონება გაქრა. Bloomberg-ის ცნობით, ამ ვარდნის შედეგად მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ჯამში $100 მილიარდზე მეტი დაკარგა. მაგალითად, მარკ ზაკერბერგის ქონება $3 მილიარდით შემცირდა, უორენ ბაფეტმა $5 მილიარდი დაკარგა, Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის დანაკარგი $3 მილიარდია.

ვარდნა აშშ-ის ცენტრალური ბანკის (FED) ახალი თავმჯდომარის ჯერომ პაუელის მიერ 5 თებერვალს ფიცის დადებას დაემთხვა. სავარაუდოდ, ბაზარზე არსებობს მოლოდინი, რომ FED-ი დააჩქარებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესს, რაც წინა თავმდჯომარის, ჯანეტ იელენის დროს დაიწყო, ეს კი გლობალირად საკრედიტო რესურსის მოზიდვას გააძვირებს. მკვეთრად დავალიანებული კომპანიებისთვის კი საკრედიტო რესურსის გაძვირება დადებითი სიახლე არაა. 

ვარდნის სავარაუდო მიზეზად გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებიც სახელდება. განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დაბალი იყო, ახლა კი ჩნდება ნიშნები, რომ ის გაიზრდება. ინფლაციის ზრდას აშშ-ში საშუალო ხელფასების ზრდა უწყობს ხელს. იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმთან ახლოსაა და 4.1%-ს შეადგენს. დაბალი უმუშევრობის გამო კომპანიებს ახალი მუშა ხელის მოზიდვა გართულდათ, ამის გამო კი საშუალო ხელფასების მაჩვნებელი გაიზარდა. 

კომენტარები