მეტრო ვარკეთილი

ხმალაძე: მერიას მკურნალობის და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაუმიჯნავს

mediamall.ge

ირაკლი ხმალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვარკეთილის მეტროს ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულების ხარჯებს მერია არ ანაზღაურებს, არასწორს უწოდებს. თბილისის ვიცე მერი ამბობს, რომ მეტროსადგურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მკურნალობის ყველა ხარჯი სრულად აუნაზღაურდება. ხმალაძემ თქვა, რომ მერიას მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაუმიჯნავს

„ჩვენ მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯები არასდროს გაგვიმიჯნავს. რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, რომ სრულად დავფარავთ იმ საჭირო ხარჯებს, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს ესაჭიროებათ. ყველა ის ხარჯი, რომელიც მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთანაა დაკავშირებული და რომელიც საყოველთაო დაზღვევით არ დაიფარება, თბილისის მერიის მიერ ანაზღაურდება. სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები ყველა დაზარალებულს სათითაოდ, პირადად დაუკავშირდნენ და დღესდღეობით, ამის პრობლემა არ დგას. ვისაც საკუთარი ხარჯები აქვს გაწეული, მის კომპენსირებას მოვახდენთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუწევია, სამედიცინო დაწესებულებებში ანაზღაურებას ჩვენ თავად მოვახდენთ. ხარჯებს, რომელიც დაზარალებულებს მედიკამენტებისთვის სჭირდებათ, საკუთარ ანგარიშებზე, პირადად დავურიცხავთ“, - თქვა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით.

ambebi.ge-მ გუშინ დაზარალებულ დიმიტრი ფაილოძესთან ინტერვიუ გაავრცელა. ფაილოძე, რომელსაც ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, ამბობდა, რომ მას მხოლოდ ოპერაციის ხარჯები აუნაზღაურეს, რეაბილიტაცია კი არ დაუფინანსეს და მედიკამენტები მისმა ძმამ ონლაინ სესხით იყიდა. 

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი 30 იანვარს ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი პოლიციელია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები