პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში

პრემიერი: ბრიუსელში აღინიშნა, რომ ჩვენ რეგიონში ევროკავშირის მთავარი პარტნიორი ვართ

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტმა მთავრობის სხდომაზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მიზანმიმართულად მიჰყვება იმ გეგმას, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში ჩვენი მოსახლეობისთვის მოიტანს ცხოვრების გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტს, ევროპასთან და დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გაცილებით უფრო მაღალ დონეს. ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის ჩვენს რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და, რომ საქართველომ განახორციელა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ასევე დავსახეთ სამომავლო გეგმები, რომლებიც მნიშვნელოვნად სცდება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დღის წესრიგს, არის გაცილებით უფრო ამბიციური. ამასაც ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად ხვდება, რომ ჩვენ ვახორციელებთ საკმაოდ ამბიციურ, ძალიან დატვირთულ სამოქმედო გეგმას და ყველა მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების სიტუაციაზე. ევროკავშირი რჩება საქართველოს თანმიმდევრულ და ძლიერ მხარდამჭერად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დამცველად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის კუთხით კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმები და ვიმედოვნებთ, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის, ეკონომიკური აქტივობის გაზრდის კუთხით, გამოიღებს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს და ევროკავშირის ჩართულობა ჩვენი წინადადებების განხორციელების მიმართულებითაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი." -  თქვა პრემიერმინისტრმა.

კვირიკაშვილმაა ასევე აღნიშნა, რომ საბჭოს სხდომაზე  ყურადღება დაეთმო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ენერგეტიკის მიმართულებით. პრემიერმინისტრის შეფასებით, ასევე საინტერესო შეხვედრა შედგა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან, რომელზეც შედგა შეთანხმება, რომ ევროკავშირი ქართული საწარმოების სერთიფიცირების შესაძლებლობას განიხილავს.

„პოტენციალი, რომ კასპიის რეგიონის ნავთობი და გაზი საქართველოს გავლით მოხვდეს ევროპაში, კიდევ უფრო მაღალია და ვფიქრობთ, საინტერესო ახალი პროექტები გველოდება ამ მიმართულებითაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მოსახლეობა იყოს დამუხტული და მოტივირებული ამ დღის წესრიგით, რადგან ესარის ის გზა, რომელსაც საქართველო მიჰყავს კეთილდღეობამდე დაა ეს აუცილებლად მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.“ - ამბობს კვირიკაშვილი.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. კვირიკაშვილი ქართული დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები