ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინის და სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება

KCNA

კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის უმცროსი და, კიმ იო-ჯონგი პარასკევს სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.

კიმ იო-ჯონგი ძმამ პარტიის პროპაგანდის დეპარტამენტიდან პოლიტბიუროში დააწინაურა. ის ოფიციალურ ღონისძიებებზე კიმ ჩენ ინის გვერდით ხშირად ჩნდება ხოლმე. აშშ მას ადამიანის უფლებათა დარღვევებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.

კიმ ჩენ ინის და ცერემონიას ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სახალხო ასამბლეის პრეზიდენტთან, კიმ იონ-ნამთან ერთად დაესწრება.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ათლეტები გახსნის ცერემონიაზე საერთო დროშის ქვეშ გამოვლენ.

ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის 280 წევრი სამხრეთ კორეაში ოთხშაბათს ჩავიდა. მათ შორისაა 229 გულშემატკივარი, 4 ოფიციალური პირი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან, 26 ათლეტი და 21 ჟურნალისტი. ჩრდილოეთ კორეის სახელით 10 ათლეტი იასპარეზებს, ხოლო 12 ჩრდილოეთ კორეელი ჩრდილოეთის და სამხრეთის ერთობლივ ყინულის ჰოკეის ნაკრებში იასპარეზებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით ჩრდილოეთ კორეა ოლიმპიურ თამაშებს საკუთარი პროპაგანდისათვის იყენებს. აშშ-ის მხრიდან გახსნის ცერემონიას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრება.

"ჩვენ მივემგზავრებით ოლიმპიურ თამაშებზე რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ზამთრის ოლიმპიადის სიმბოლური ფონი მათი რეჟიმის შესახებ სიმართლის შესაფუთად არ გამოიყენოს" თქვა მან.

კომენტარები