თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი შეიქმნება

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო 2018 წელს რეზერვში 260 არასავალდებულო, იგივე აქტიურ ადამიანს მიიღებს. სარეზერვო სამსახურის რეფორმირების თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნუკრი გელაშვილმა წარადგინა. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი სიახლე ის არის, რომ შემოთავაზებულია აქტიური რეზერვი, რომელიც თავის მხრივ, სამ სახეს მოიცავს: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. 

"შეიარაღებული რეზერვი იქმნება იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი ჩართვა და ეს განხორციელდეს მაქსიმალურად მოკლე სამობილიზაციო დროში. 

ტერიტორიული რეზერვი - საჭიროების შემთხვევაში მოხდეს შეიარაღებული ძალების ზრდა სწრაფად და იმავდროულად ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზება. ტერიტორიული რეზერვისთვის დამახასიათებელი იქნება როგორც სამანევრო ელემენტი, ასევე ტერიტორიული რაზმების შექმნა. 

რაც შეეხება სპეციალისტების რეზერვს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ შეიარაღებული ძალების წინაშე დგას გარკვეული ამოცანები, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ ცოდნას, მაგალითად საინჟინრო ან კიბერ სფეროში. სპეციალისტების რეზერვის დანიშნულება იქნება სწორედ ასეთი ტიპის ამოცანების გადაჭრა", - თქვა გელაშვილმა

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, შეიარაღებული ძალების რეზერვისთვის ზღვრული ასაკი 50 წელი იქნება, ტერიტორიული რეზერვისთვის - 55 წელი. სპეციალისტების რეზერვისთვის კი 65 წელი. 

2018 წლის განმავლობაში აქტიურ რეზერვში მყოფი პირების შრომის ანაზღაურების, კვების, აღჭურვის და მომზადების მთლიანი ხარჯი შეადგენს - 1 370 934 ლარს. 

რაც შეეხება სამობილიზაციო, ანუ სავალდებულო რეზერვს - ის, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდებულოა. მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა.

გელაშვილის თქმით, სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე), ხოლო შრომის ანაზღაურებას მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში მიიღებს. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები. იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევას და რაოდენობას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების საჭიროებები. 

"კრიტერიუმები წინასწარ იქნება დადგენილი მთავრობის მიერი. ასაკი, გამოცდილება, სპეციალობა, საცხოვრებელი ადგილი და სხვა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მობილიზაციის დროს განვსაზღვროთ, ვინ არის ყველაზე უფრო შესატყვისი პირი და მათი გამოძახება მოხდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად. საგანგებო და საომარი მოქმედებების დროს მობილიზაციას გამოაცხადებს პრეზიდენტი, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება სამობილიზაციო რეზერვის მომზადების დონის შეფასებას - გამოაცხადებს მინისტრი", - ამბობს გელაშვილი. 

კომენტარები