კრიმინალი

ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მარიამ კ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით, ხოლო გიორგი გ.-ს - განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით. ასევე, ორივე ბრალდებულს, გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებას ედავებოდა.

"საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს, მარიამ კ., საკუთარი ბაბუის განზრახ მოკვლისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, რომელიც მის საცხოვრებელ ბინაში ეგულებოდა, გიორგი გ.-სთან ერთად, ჯუმბერ კ.-ს სახლში მივიდა.

ბაბუასთან, რომელთანაც მარიამ კ. წლების მანძილზე არ ურთიერთობდა, ბრალდებული თავდაპირველად მარტო შევიდა, ხოლო მოგვიანებით, გიორგი გ. ჩუმად შეაპარა და სამზარეულოში დამალა.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მარიამ კ.-მ ბაბუა კორიდორში გამოიყვანა სასაუბროდ, რა დროსაც გიორგი გ.-მ თანნაქონი დანით, ხოლო მარიამ კ.-მ სამზარეულოს დანით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც სახლში თანხა არ დახვდათ, გარდაცვლილის საფულიდან დაეუფლნენ 335 ლარს, სახლში გააჩინეს ხანძარი და დატოვეს შემთხვევის ადგილი" - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულებმა ცეცხლის წაკიდებით უძრავი ქონების დაზიანება-განადგურება აღიარეს, ხოლო განზრახ მკვლელობის ბრალდების ნაწილში, დაცვის მხარე მათ გამართლებას ითხოვდა. 

"სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებების, სხვადასხვა საექსპერტო დასკვნის, ვიდეომასალის, ამოღებული ნივთმტკიცებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მარიამ კ.-ს და გიორგი გ.-ს მიერ, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ჩადენა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურება, ხოლო ბრალდებულები განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ნაწილში გაამართლა" - აღნიშნავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

კომენტარები