თსუ-ის საიუბილეო ღონისძიებაზე აუდიტორია 115-ის წევრებს დარბაზი დაატოვებინეს

რუსთავი 2

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუდენტების ნაწილი არ შეუშვეს. აუდიტორია 115-ის წევრებს პრემიერის დაცვამ დარბაზი დაატოვებინა. ღონისძიებას სწორედ პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ესწრებიან. 

სააქტო დარბაზში ადგილების სიმცირის გამო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ყველა სტუდენტის და ლექტორის მოწვევა ვერ შეძლო. მათი განცხადებით, ღონისძიებას მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დაესწრებოდნენ.  

აუდიტორია 115-ის წევრების პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია. სტუდენტური ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის, გიორგი არობელიძის თქმით, თუ დასწრება აკადემიური მოსწრების მიხედვით ხდება, შეამოწმონ მათი ქულები. 

სააქტო დარბაზი, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ, მედიასაც დაატოვებინეს. 


ფოტო: ტაბულა

კომენტარები