დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შედეგად, ერთი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს

flickr

თბილისში, ნაძალადევის რაიონში სავარაუდოდ მე-12 სკოლისა და კერძო სკოლა "ლამპარის" მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნაცემია "ლამპარის" ერთერთი მოსწავლე. დაზარალებული იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

სკოლა "ლამპარის" დირექტორის დარეჯან ქადაგიძის თქმით, მისი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს, რომელსაც თანატოლებთან ჩხუბი მოუვიდა, მცირე დაზიანებები აქვს. 

"ექვსი გაკვეთილის დამთავრების შემდეგაც ეს მოსწავლე სკოლაში იყო, რადგან დამატებითი გაკვეთილები უტარდებოდა. სკოლის დატოვებიდან ცოტა ხანში მე-12 სკოლის მანდატურმა ამოიყვანა ნაცემი. როდესაც ვკითხე, რა მოხდა, აღნიშნა, რომ არ იცის, ვინ დაარტყა ხელი და თქვა, რომ ბევრი ბიჭი იყო შეკრებილი. მან ისიც აღნიშნა, რომ კონფლიქტი პირადად მას არ მოსვლია,"- თქვა ქადაგიძემ ინტერპრესნიუსთან.

მე-12 სკოლის დირექტორის მედეა გურგენიძის თქმით, მისი სკოლის მოსწავლეები აღნიშნულ დაპირისპირებაში სავარაუდოდ არ მონაწილეობდნენ. 

"ჩვენ სკოლაში დაშავებული არ გვყავს. დაშავებულია კერძო სკოლა "ლამპარის“ მოსწავლე. ახლა ვერკვევი სიტუაციაში. ვერ გეტყვით, იყო თუ არა ჩემი სკოლის მოსწავლე იქ. ბავშვებზე, რომლებზეც ეჭვი აქვთ, ისინი მე-6, მე-7 გაკვეთილებზე იყვნენ. მე ვიცი, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები ინცინდენტში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ დაზუსტებითაც ვერ გეტყვით"- განაცხადა მე-12 სკოლის დირექტორმა ინტერპრესნიუსთან.

კომენტარები