აფგან მუხთარლის გატაცება

კვაჭანტირაძე: ამ ქვეყანას მუხთარლისგან არ დაუმსახურებია, ლაფში ამოსვაროს მისი იმიჯი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე აფგან მუხთარლის განცხადებას გამოეხმაურა. მუხთარლის მტკიცებით, ის თბილისიდან პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანხმობით გაიტაცეს.

"ეს არის ჩვეულებრივი ცილისწამება", - ამბობს კვაჭანტირაძე. მისი თქმით, "ამ ქვეყანას [მუხთარლისგან] ნამდვილად არ დაუმსახურებია ის, რომ ასე ლაფში ამოსვაროს მისი იმიჯი და სახელი. მის განცხადებებს ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, ძალიან მარტივად და მოხერხებულად იყენებენ ჩვენი ოპონენტები. ხომ ხედავთ, რომ უკვე, ასე ვთქვათ, დაიწყეს პირდაპირი გაგებით ყეფა".

"სულ არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა, როგორც ასეთი. გეუბნებით პირდაპირ და საერთოდ არ მინდა “ნაცმოზე” ლაპარაკი. მე გეუბნებით პირდაპირ, რომ ის, რასაც მუხთარლი აკეთებს, არის ცილისწამება. ის რასაც მუხთარლი და მისი მეუღლე აკეთებენ საქართველოს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის პირდაპირ მზაკვრული ნაბიჯი." - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები