Credit Suisse

Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის $130,000,000-ის გადახდა დაევალა, პირად ბანკირს 5 წელი მიესაჯა

flickr.com

ჟენევის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ფინანსების მისაკუთრების ბრალდებით ექსპრემიერის ყოფილი პირადი ბანკირ, პატრის ლესკაუდრონს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ლესკაუდრონმა აქედან 2 წელი უკვე მოიხადა, ის 2016 წლის იანვარში დააკავეს.

Credit Suisse ექსპრემიერს ზარალის ანაზღაურების სახით გადაუხდის $130 მილიონს, ხოლო საქმის კიდევ ერთ დაზარალებული და ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი ვიტალი მალკინი $22 მილიონს მიიღებს. 

ოლიგარქს ზარალი აუნაზღაურდება პატრის ლესკაუდრონის ქონების გაყიდვით და დაყადაღებულ ანგარიშებზე განთავსებული თანხებით. ლესკაუდრონმა მოპარული $100 მილიონი გადაანაწილა მისი სხვა კლიენტების ანგარიშებზე. ისინი თანხის შენარჩუნებისთვის დავობდნენ, თუმცა სასამართლომ კომპენსაცია მხოლოდ ივანიშვილსა და მალკინს მისცა. Bloomberg-ის ცნობით, საქმის დანარჩენი მოდავეები არიან: ოლგა კორბატოვა და მისი მეუღლე იური სოკოლოვი, ასევე ბიზნესმენები სერგეი ეგოროვი და ზურაბ ლისოვი.

პატრის ლესკაუდრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ლესკაუდრონი ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული, რითიც ექსპრემიერს დიდძალი ზარალი მიადგა. 

ლესკაუდრონი ასევე აღიარებს, რომ ივანიშვილის ხელმოწერის გაყალბებიდან მალევე, რუსი მილიარდერის და ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის ვიტალი მალკინის ხელმოწერის გაყალბებაც დაიწყო. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ლესკაუდრონმა სხვა კლიენტების ანგარიშებზე არსებული ზარალის დაფარვის მიზნით, ივანიშვილის ანგარიშიდან ავტორიზაციის გარეშე სოლიდური თანხები მოხსნა, ამასთანავე მიისაკუთრა $32 მილიონი.

ლესკაუდრონის ადვოკატის, საიმონ ნთას თქმით, მისი კლიენტი სანიმუშო ქცევის გამო შესაძლოა, 2019 წელს გაათავისუფლონ.

პატრის ლესკაუდრონი Credit Suisse-ის ერთ-ერთი უმსხვილესი პირადი ბანკირი იყო. ის 1990-იანი წლების განმავლობაში შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია Yves Rocher-ის მოსკოვის ოფისში მუშაობდა, რუსეთში დაოჯახდა და ენაც ისწავლა, 2004 წელს კი Credit Suisse-ში გადავიდა. ლესკაუდრონი რუსული ენის ცოდნის გამო მალევე რუსი კლიენტების პირადი ბანკირი გახდა. 

ლესკაუდრონი $1.6 მილიარდის პორტფელს განკარგავდა, მისი უმსხვილესი კლიენტი ბიძინა ივანიშვილი იყო.

 

კომენტარები