ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე: ევროკავშირის ქვეყნების წუხილს ვითვალისწინებთ

მიხეილ ჯანელიძე
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა ითვალისწინებს ყველა წუხილს, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეთ.

მიხეილ ჯანელიძე განმარტავს, რომ დღეს არ არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების მოცემულება.

"ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვითვალისწინებთ ყველა იმ წუხილს, რომელიც შეიძლება ევროკავშირის წევ ქვეყნებს ჰქონდეთ. დღეს ნამდვილად არ არის ის მოცემულობა, როდესაც შეიძლება ამოქმედდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი. მაგრამ აუცილებელია, რომ იმ სტატისტიკას, რომელიც მზარდია, თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. სწორედ ამისთვის გაიმართა პრემიერმინისტრისა და მთავრობის წევრების სპეციალური შეხვედრა, სადაც განვიხილეთ კონკრეტული გეგმები, რომელიც უკავშირდება პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირებას, თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მათი არალეგალური ვიზიტები ევროკავშირში", - აცხადებს მინისტრი.

მისივე ინფორმაციით, სამინისტრო შსს-სთან ერთად, პარტნიორ ქვეყნებთან ორგანიზებული დანაშაულის სფეროში აქტიურად იმუშავებს. გარდა ამისა, მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ გაჩნდება შიდა მექანიზმი, რათა არ მოხდეს ამ უვიზო რეჟიმის არაკანონიერად გამოყენება.

ცნობისთვის, გერმანიის მხარის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მინისტრთა კაბინეტის წევრი იოაჰიმ შტამპი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველთა ლტოლვილად დარჩენის შემთხვევები. შტამპი წარმოშობით ქართველთა კრიმინალურ საქმიანობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დანაშაულთა რაოდენობა გაზრდილია. ამის შესახებ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრმა რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა.

საქართველომ ანალოგიური შენიშვნა ევროკომისიისგანაც მიიღო. ანგარიშში ევროკომისია განსაკუთრებული სიმწვავით ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობაზე მიუთითებს.

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ თემაზე გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, ასევე, მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მონაწილეობდნენ.

"საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს" - აცხადებენ პრესსამსახურში.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტ-დეკემბერში ის საქართველოს 170 000-მა მოქალაქემ გამოიყენა.

ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. შეჩერების მექანიზმით ისარგებლოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს.

კომენტარები