აშშ

ტრამპმა არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე დემოკრატების ანგარიშის გამოქვეყნება დაბლოკა

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ დემოკრატების მიერ მომზადებული ანგარიშის გასაჯაროება დაბლოკა.

თეთრი სახლის მრჩევლის თქმით, დოკუმენტი საიდუმლო მასალებს შეიცავს და მისი გამოქვეყნება ეროვნულ უსაფრთხოებაზე მოახდენს გავლენას. თეთრმა სახლმა გაავრცელა FBI-ს დირექტორის წერილიც, სადაც ის წერს, რომ დოკუმენტის გავრცელება აშშ-ის დაზვერვის წყაროებს და მეთოდებს საფრთხეს შეუქმნის.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთი კვირით ადრე ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს მსგავსი პროტესტი არ გაითვალისწინა და რესპუბკელების ანგარიში გამოაქვეყნა. დემოკრატების აზრით ამ ანგარიშის მიზანი სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის დისკრედიტაცია იყო. FBI-ს ყოფილი დირექტორი მიულერი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო შეთქმულებაზე მიმდინარე გამოძიების ხელმძღვანელია.

დემოკრატი სენატორის, ჩაკ შუმერის თქმით პრეზიდენტის ორმაგი სტანდარტები შემაძრწუნებელია და ტრამპის გადაწყვეტილება მილიონობით ამერიკელს აეჭვებს იმაში, თუ რა აქვს პრეზიდენტს დასამალი.

კომენტარები