(S)hero(es) - ქალების, ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავი, რომელიც წიგნად გამოიცა. ფოტოწიგნი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ქალების ისტორიებით გვიამბობს. როგორც გამომცემლბა "წიგნები ბათუმში" აცხადებს, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, იმედებისა და ტკივილების, კვდომისა და აღდგომის შესახებ.
(S)hero(es) ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი წიგნია და აგვისტოს ომის ქრონოლოგიის აღდგენის, ტრაგედიის შიდა მხარის ჩვენების მცდელობაა, "რადგან წიგნის ავტორებს ღრმად სწამთ, რომ არაფერში ისე არ ჩანს ცალკეული ქვეყნისა თუ კაცობრიობის ისტორია, როგორც ინდივიდების ამბებში". წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან.
"2018 წელს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გადის. წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ქალები, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და უფრო მეტიც - მონაწილეები გახდნენ, ქალები, რომლებმაც, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ყველაზე ახლობელი ადამიანები დაკარგეს, ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა. ისინი კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი არ არის მხოლოდ შორეულ წარსულში დარჩენილი მოვლენა, რომლის შესახებაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ, არამედ ის შეიძლება იქცეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ნაწილად, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიად. წიგნის გმირები გვიამბობენ, როგორია ცხოვრება ომიდან ათი წლის შემდეგ - სოფლებში, სადაც ღამღამობით ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა, კომპაქტურად გაშენებულ ახალ კოტეჯებსა და ყველასგან დავიწყებულ ძველ შენობებში, როგორია რეალობა მაშინ, როცა სიზმარში ყოველთვის მიტოვებულ სახლს და დაკარგულ ახლობლებს ხედავ.
ქალები ომს იშვიათად იწყებენ. ისინი არც ისე ხშირად გვევლინებიან ჯარისკაცებისა და მეომრების როლში. ამიტომ ისტორიულ ქრონიკებში მათი სახელები იშვიათად გვხვდება. სინამდვილეში კი, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ქალები და ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან - არაერთი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, შევიწროების ობიექტი. და უფრო მეტიც, ქალების მტკიცე ნებისა და განუზომელი ძალის წყალობით, რაც ხშირად დაუფასებელია, არაერთი ბრძოლის ბედი გადაწყვეტილა, არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვლილა", - აცხადებენ გამომცემლობაში.
"წიგნები ბათუმში" ფოტოწიგნს "(S)hero(es)" თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს. წიგნის გამოცემის უფლება უკვე შეიძინა ერთერთმა გერმანულმა გამომცემლობამ.