ევროპის საინვესტიციო ბანკი ნენსკრაჰესის მშენებლობას დააფინანსებს

nenskra.ge

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დირექტორთა საბჭომ 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფით ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსება დაამტკიცა. EIB ევროკავშირის სახელმწიფო საინვესტიციო ბანკია, მას კავშირის 28 წევრი სახელმწიფო ფლობს. საქართველოში EIB-ს $1.5 მილიარდის სასესხო პორტფელს ფლობს.

ნენსკრა ჰესის პროექტს სს „ნენსკრა ჰიდრო“ ახორციელებს, რომელიც დაფუძნებულია ინვესტორის – კორეის წყლის რესურსების კორპორაციისა (K-water) და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ. ეს უკანასკნელი მცირე ხნის წინ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ოფიციალური აქციონერი გახდა.

დღეისათვის EIB მესამე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსება დაამტკიცა. მანამდე კორეის განვითარების ბანკმა (KDB) 87,6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოჰყო, ხოლო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) პროექტისთვის 214 მილიონ დოლარამდე ოდენობის სესხი, ასევე სს „ნენკრა ჰიდროს“ სააქციო კაპიტალში 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია დაამტკიცა.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება. ჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1.200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ბაზარს მოხმარდება, ეს კი ზამთრის სეზონის განმავლობაში ენერგიის იმპორტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაიწყოს. 

კომენტარები