ბადაგონის საქმე

ქუმსიშვილი: ბადაგონის ადვოკატის გამოთქმული ფრაზა აბსურდული და არასერიოზულია

www.economy.ge

ვიცეპრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია "ბადაგონის" ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა. ქუმსიშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულსა და არასერიოზულს უწოდებს. 

"ჩემ მიმართ გამოთქმული ფრაზის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე გახლდით ფინანსთა მინისტრი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება - რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ზოგად ფრაზას მთავრობასთან მიმართებაში, ამაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს - ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ბიზნესს მისცა თავისუფლება. ხოლო, რაც შეეხება უკვე თვითონ დისკრედიტაციის მცდელობას და შანტაჟს, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენის მიმართულებით ასეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის,"- ამბობს ქუმსიშვილი. 

"ბადაგონის" ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა 8 თებერვალს თქვა, რომ კომპანიაში საგამოძიებო უწყების შესვლა წინა მოწვევის პარლამენტის ქართული ოცნების დეპუტატის დავით ბეჟუაშვილისა და ყოფილი ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის დაგეგმილი პროვოკაციაა. 

"ეს შემოვარდნა იყო დავით ბეჟუაშვილის და ეკონომიკის მინისტრის და ვიცეპრემიერის ქუმსიშვილის მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. დიმიტრი ქუმსიშვილის ფინანსთა მინისტრობის დროს იყო შემოტანილი განცხადება. მე ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი მივმართავ პრემიერს გამოვიდეს, მოიხადოს ბოდიში და იყოს გარანტორი, რომ ბადაგონი გააგრძელებს მუშაობას მშვიდ ვითარებაში,"- თქვა ხატიაშვილმა. 

ღვინის მწარმოებელ კომპანია "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყებამ საქმე "ბადაგონის" ყოფილი მეწილის კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" სარჩელის საფუძველზე აღძრა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს "ბადაგონის" მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,"ბადაგონის" ყოფილი მეწილის, კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" წარმომადგენლის განცხადება", - წერია განცხადებაში.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2014 წლის სექტემბერში "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი" "ბადაგონის" 60%-იან წილს ფლობდა. 2015 წლის 6 იანვარს გრაკოროს წილი 50%-მდე შემცირდა. 2015 წლის 28 იანვარს კი ბადაგონის 100%-იანი წილის მფობელი გიორგი სალაყაია გახდა. დავა სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ პერიოდში მომხდარ წილის გადაფორმებას ეხება.

კომენტარები