მუსტაფა ემრე ჩაბუქი

წულუკიანი ჩაბუქზე: მორჩილად და მოთმინებით დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

თეა წულუკიანი
ტაბულა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ამბობს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით ყველანი მორჩილად და მოთმინებით უნდა დაველოდოთ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი ჩაბუქის ცოლის, თუბა ჩაბუქის ღია წერილს, სადაც ის საქართველოს იუსტიციის მინისტრს სთხოვს, ქართულმა მხარემ არ გადასცეს ემრე ჩაბუქი თურქეთს, რადგან ის იქ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იქნება.

წულუკიანი ამბობს, რომ ექსტრადიციის საკითხი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან წყდება.

"გავეცანი ქალბატონი ჩაბუქის წერილს. მინდა საზოგადოებას, მათ შორის მას, ვუთხრა ის, რაც ბევრჯერ მითქვამს - ექსტრადიციის პროცედურები ყოველთვის წყდება საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და ფასდება პროცედურების სხვადასხვა კომპონენტი. მათ შორის ის, რომ სისხლის სამართლის საქმე უნდა იყოს სამართლებრივად გამართული, რომელიც უცხოეთიდან შემოსულია. რა თქმა უნდა, ხდება იმ ინტერესებების ბალანსი, რაც შეიძლება არსებობდეს ადამიანის უფლებების კუთხით და აქ სტრასბურგის პრეცედენტები არის აბსოლუტურად ნათელი. შესაბამისად, როგორც ადრეც ვთქვი, ჩვენ ველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუკი საქართველოს სასამართლოები იტყვიან, რომ მინისტრს აქვს უფლება გადასცეს, ასეთ შემთხვევაში იმ კრიტერიუმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე ჩამოვთვალე. თუ ქართული სასამართლო იტყვის, რომ მინისტრს არ აქვს უფლება ექსტრადიცია განახორციელოს, ალბათ ეს საქმე დაიხურება. მოდით ყველანი მორჩილად და მოთმინებით დაველოდოთ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას", - ამბობს მინისტრი.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო 19 თებერვალს გნიხილავს.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს, ბრალდებული კი - საქართველოსგან ლტოლვილის სტატუსს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, ჩაბუქი თურქეთის საპყრობილეში წამებას არ დაექვემდებარება. მისივე განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ ჩაბუქს ევროპული სტანდარტების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სამინისტროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. უარის მიღების შემდეგ კი, სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ჩაბუქის ადვოკატი, ვახტან კვიჟინაძე ამბობდა, რომ ქართული სასამართლოებისგან უარის მიღების შემთხვევაში, დავას ევროსასამართლოში გააგრძელებდა.

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ემრე ჩაბუქის დაცვას ცდილობენ და აცხადებენ, რომ საქართველო ვალდებულია, ის თურქეთს არ გადასცეს. მათ რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელეს და პრეზიდენტს მიმართეს, გამონაკლისის სახით ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებოო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა. Human Rights Watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის პოლიცია ხშირად მიმართავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას, ემუქრება პატიმრებს გაუპატიურებით, საათების განმავლობაში აიძულებს მუხლებზე დაჩოქილი ყოფნას, ამყოფებს წყლის, საკვებისა და ძილის გარეშე. თურქეთის ციხეებში მძიმე ვითარებაზე საუბრობს Amnesty International-იც 2016-2017 წლის ანგარიშში. 

ემრე ჩაბუქის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარ​აუდო კავშირის გამო მოითხოვა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სწორედ ფეტოს და მის ლიდერს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს. 

თუმცა, ჩაბუქის ადვოკატების მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღეს, არ დასტურდება ჩაბუქის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

კომენტარები