ზვიად რატიანის საქმე

EMC: მოვუწოდებთ პროკურატურას, რატიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს

რუსთავი 2

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის შესაძლო არასათანადო მოპყრობას და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა. EMC-ს განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, ზვიად რატიანს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული, რაც გამოძიების პროცესის დამოუკიდებლობის და სანდოობის მიმართ კითხვებს აჩენს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, ზვიად რატიანს სხეულსა და სახეზე მთლიანობაში ოცამდე დაზიანება, სისხლჩაქცევები და ესკორიაციები აღენიშნება. გამოძიებით დადგენილია ისიც, რომ რატიანს პოლიციის თანამშრომლებთან კომუნიკაციამდე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა.

EMC ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება პოლიციის თანამშრომელთა ახსნა-განმარტებების მცდარობა.

"როგორც პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რატიანის დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ქუჩაში უმისამართო, ხმამაღალი გინება იყო. თუმცა, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ზვიად რატიანის თამარ მეფის გამზირზე გადაადგილებას ასახავს, ნათლად აჩვენებს, რომ რატიანის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და უმისამართო გინებას მითითებულ დროს ადგილი არ ჰქონია" - აცხადებს EMC და აღნიშნავს, რომ ეს გარემოება პოლიციელთა ახსნა-განმარტებებს საეჭვოს ხდის და მათ პოზიციებს სანდოობას უკარგავს.

"საქმის მასალებით დგინდება, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანამდე, ზვიად რატიანი პოლიციას დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში დაკავებული ყავდა იზოლატორის მიმდებარე ავტოსადგომზე. რატიანი ამტკიცებს, რომ პოლიციის თანამშრომლები მასზე განსაკუთრებით სწორედ ამ დროს ძალადობდნენ.

პოლიციის თანამშრომლები ამ დაყოვნებას დმი-ში სხვა დაკავებულის მიღებით ხსნიდნენ, თუმცა ვიდეოკადრებზე ასახულია, რომ იზოლატორის ტერიტორიაზე რატიანის მიყვანიდან შვიდ წუთში, სხვა ავტომანქანით მიყვანილი დაკავებული პირი დაუყოვნებლივ შეჰყავთ იზოლატორში. გამოძიებას რატიანის იზოლატორთან ხანგრძლივი დაყოვნება სათანადოდ არ აქვს გამოკვლეული" - აცხადებს EMC და ამ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიების ამ ეტაპისთვის, არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად. მათი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რიგი საგამოძიებო მოქმედებების უმოკლეს ვადებში ჩატარება იმისთვის, რომ დროულად იყოს მიღებული საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

EMC პროკურატურას მოუწოდებს:

  • ზვიად რატიანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი;
  • დროულად ჩატარდეს ზვიად რატიანის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელთა ამოცნობა;
  • დადგინდეს ზვიად რატიანის დროებითი მოთავსების იზოლატორთან საათნახევრის განმავლობაში დაყოვნების რეალური მიზეზი, მათ შორის, გამოიკითხონ ის პირები, რომლებიც დროის იმავე მონაკვეთში იმყოფებოდნენ იზოლატორის ავტოსადგომზე და შესაძლოა, ფლობდნენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

 

შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი პოლიციელებმა 23 დეკემბერს დააკავეს და სცემეს. რატიანის თქმით, სამართლადამცავების გაღიზიანება მისი ქურთუკის ფერმა გამოიწვია. რატიანი ხელწერილის საფუძველზე 24 დეკემბერს გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 29 დეკემბერს ცნო. მას 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამასთან, მოსამართლის თქმით, რატიანს ადმინისტრაციული პატიმრობა "საახალწლო დღეების გამო" არ შეუფარდეს.

კომენტარები