საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

სახელმწიფო ქონების დაუფლებისთვის გარდაბნის საკრებულოს თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინდა. შედეგად, პასუხისგებაში მისცეს სამი პირი - ორი კომპანიის დირექტორი და სამუშაოების დამკვეთი უწყების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, მის მმართველობაში არსებული კომპანიის მიერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ამასთან, გამოიყენა დაბალი ხარისხის მასალა და ამით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 300 ლარს.

მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, რომლის მმართველობაში არსებული კომპანია ქვემო ქართლის რეგიონში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, ობიექტზე სამუშაოს შესრულებისას დაბალი ხარისხის მილების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 26 000 ლარს.

სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ბრალდებით, პასუხისგებაში ასევე მიეცა სამუშაოების დამკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც სამუშაოების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა ევალებოდა", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე, 180-ე მუხლის მესამე და 342-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

კომენტარები